ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ის ტოვებს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციას (იუნესკო). ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ამის მიზეზი ორგანიზაციის მიერ ისრაელის წინააღმდეგ წარმოებული პოლიტიკაა. აშშ თავისი წარმომადგენლობის ნაცვლად ორგანიზაციაში მიავლენს სადამკვირვებლო მისიას.

იუნესკომ განაცხადა, რომ აშშ-ს გასვლა არის დანაკარგი გაერთიანებული ერების ოჯახისთვის.

იუნესკო 1945 წელს დაარსდა და მისი შტაბ-ბინა პარიზში მდებარეობს. ორგანიზაციის წევრია მსოფლიოს 195 სახელმწიფო, ასოცირებული წევრის სტატუსი კი დამატებით 10 სუბიექტს აქვს.

იუნესკოს მიზანს წარმოადგენს საერთაშორისო უშიშროების ხელშეწყობა, ასევე, მშვიდობის, განათლებისა და კულტურის გავრცელება, მეცნიერების განვითარება და ადამიანის უფლებათა პატივისცემა. იუნესკოს უმნიშვნელოვანესი მიზანია მოსფლიოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა.