რუსთავის 2-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გატაცებაში ბრალდებული ოთხი პირი თანხის გამოძალვის მიზნით სამშენებლო ჰიპერმარკეტ გორგიას დამფუძნებლის გია გორგოშაძის გატაცებას გეგმავდა.

ტელეკომპანიის თქმით, გორგიას დამფუძნებლის საცხოვრებელ კორპუსში არის გატეხილი და დაზიანებული რამდენიმე საცხოვრებელი ბინის კარი და, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ისინი პოლიციამ შეამტვრია. მათივე თქმით, ეს ბინები რამდენიმე კვირის წინ გაქირავდა.

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნოდარ ჯავახიშვილმა რუსთავი 2-ს უთხრა, რომ ის ესაუბრა გორგოშაძის ოჯახის წევრებს და ისინი ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. ტელეკომპანიის თქმით, მათ სცადეს გორგოშაძესთან დაკავშირება, მაგრამ ის უარს აცხადებს კომენტარის გაკეთებაზე.

On.ge შსს-ს დაუკავშირდა, მაგრამ უწყებამ პერსონალური ინფორმაციის დაცვის მიზნით ინფორმაცია არ მოგვაწოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და თანხის გამოძალვის მომზადების ბრალდებით ოთხი პირი დააკავა.

უწყების თქმით, გეგმის შესასრულებლად ბრალდებულებმა დაზარალებულის საცხოვრებელ კორპუსში ბინა წინასწარ დაიქირავეს, საიდანაც მის გადაადგილებას აკვირდებოდნენ.

შსს-ს განცხადებით, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა, ნიღბები, მობილური ტელეფონები, წებოვანი ლენტები, ხელბორკილები, ელექტროშოკი და ე.წ. პარიკი ამოიღო.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-143-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ", მე-3 ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით და 18-181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით).