საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სახალხო დამცველის მიდგომები საფრთხეს უქმნის საზოგადოების უსაფრთხოებას. ამ შინაარსის განცხადება უწყებამ სახალხო დამცველის მიერ გამოთქმული პრეტენზიების საპასუხოდ გაავრცელა.

"დაუსაბუთებელი ბრალდებები ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სამართალდამცავი ორგანოს - შსს-ს მიმართ, რამაც ერთგვარი ტენდენციის სახე მიიღო, მიზნად ისახავს არა მხოლოდ ამ უწყების დისკრედიტირებას, არამედ ჩრდილს აყენებს თავად სახალხო დამცველის ინსტიტუტს", - აცხადებენ შსს-ში და დასძენენ, რომ სახალხო დამცველს პოლიციელების ინტერესები არასდროს დაუცვია.

უწყებაში ამბობენ, რომ სახალხო დამცველის მიერ პოლიციის სისტემაში დაკავებულთა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ზრდაზე საუბარი დაუსაბუთებელი და ზედაპირულია.

"როდესაც სახალხო დამცველი პოლიციას ადანაშაულებს სისასტიკესა და ძალის გადამეტებაში, მხოლოდ მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებული პირის მონათხრობის საფუძველზე, მით უფრო, იმ დროს, როცა აღნიშნული პირი მისი მეუღლის ნათესავი და მის ოჯახთან დაახლოებულია, იყენებს სახალხო დამცველის მანდატს ყაჩაღობაში ბრალდებული ნათესავის გასამართლებლად, ვფიქრობთ, დასკვნები თავად საზოგადოებამ უნდა გააკეთოს", - აღნიშნავს შსს-ში, სადაც ამბობენ, რომ უწყების შიგნით გადაცდომებზე რეგირება მათი ინტერესია.