აფხაზებმა აღნიშნეს ვიტალი დარასელიას 60 წლის იუბილე, გასული საუკუნის 70-80-იანი წლების თბილისის დინამოსა და საბჭოთა ფეხბურთის ვარსკვლავის, რომელმაც ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული გოლი გაიტანა.

ოჩამჩირეში, სადაც დიდი ფეხბურთელი განისვენებს, სპეციალურად ამ თარიღისთვის შეკეთდა ვიტალი დარასელიას მემორიალი. ოჩამჩირის მეორე საშუალო სკოლის მოსწავლეებმა, 9 ოქტომბერს, დილით, ყველაზე ცნობილი ოჩამჩირელის საფლავი ყვავილებით შეამკეს. შემდეგ კი ბრინჯაოს მემორიალთან მთელი აფხაზეთიდან უამრავი ადამიანი მივიდა.

დარასელიების დიდი აფხაზურ-ქართული ოჯახი ოჩამჩირეში პირველად შეიკრიბა 09.10.2017

ფოტო: ამერიკის ხმა

დიდი ვიტალის საფლავზე, ამ დღეს, მცირე ხნით, ომის შედეგად, ორად გახლეჩილი დარასელიების აფხაზურ-ქართული დიდი ოჯახის სიმბოლური გაერთიანება მოხდა. ვიტალის დედა 86 წლის მერი ბჟანია-დარასელია ოჩამჩირეში ცხოვრობს, ისევე როგორც ვიტალის და ალვინა დარასელია-გუნბა.

9 ოქტომბერს კი მამის საფლავზე, ბებიას და მამიდას საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 39 წლის ვიტალი დარასელია უმცროსი შეუერთდა. იგი ამჟამად, თბილისის დინამოს აკადემიის სელექციონერია, რომელიც ვიტალი დარასელია უფროსის სახელს ატარებს.

დიდი ვიტალის სამახსოვრო, აფხაზთა ნაკრებისა და ოჩამჩირის ერცახუს ამხანაგურ მატჩში, უმცროსმა დარასელიამ ოჩამჩირელთა ღირსება დაიცვა და გოლიც გაიტანა. ამ შეხვედრას სოხუმის სტადიონზე თვალს მისი და, ქრისტინა დარასელიაც ადევნებდა, რომელიც ასევე თბილისში ცხოვრობს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომელია.

ვიტალი დარასელია ხსოვნისადმი მიძღვნილი ამხანაგური მატჩი სოხუმში, 09.10.2017

ფოტო: ამერიკის ხმა

იური ლოგუამ, ოჩამჩირის ამირანის აფხაზმა ვეტერანმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ მისი სიყრმის მეგობრისა და თბილისის დინამოს გამარჯვებებით აფხაზები და ქართველები თანაბრად ამაყობდნენ. მან 1981 წლის 13 მაისის სოხუმი და ის ისტორიული გამარჯვება გაიხსენა, რომელიც ვიტალი დარასელიას ვირტუოზული გოლით შედგა:

ეს იყო უდიდესი ბედნიერება, საოცრება ხდებოდა, მე არ ვსაუბრობ მხოლოდ თბილისზე, აქ სოხუმში მინისტრთა საბჭოს წინ, მოედანზე, იდგა ღვინით გავსებული ორი 500 ლიტრიანი კასრი. იყო გადაბმული სმა, ჭამა, სიმღერა, სიხარული და დიდი ზეიმი, რომელიც არასოდეს დამავიწყდება

იური ლოგუა, ოჩამჩირის ამირანის ვეტერანი აფხაზი ფეხბურთელი 1981 წლის 13 მაისის გამარჯვებაზე

"როგორ გითხრათ, ეს იყო უდიდესი ბედნიერება, საოცრება ხდებოდა, მე არ ვსაუბრობ მხოლოდ თბილისზე, აქ სოხუმში მინისტრთა საბჭოს წინ, მოედანზე, იდგა ღვინით გავსებული ორი 500 ლიტრიანი კასრი. იყო გადაბმული სმა, ჭამა, სიმღერა, სიხარული და დიდი ზეიმი, რომელიც არასოდეს დამავიწყდება."

ვიტალი დარასელია 1957 წლის 9 იანვარს, საბჭოთა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ოჩამჩირელი კუხინი დარასელიასა და გუდაუთელი მერი ბჟანიას ოჯახში დაიბადა (მოგვიანებით, მას დაბადების თარიღად 9 ოქტომბერი ჩაუწერეს, რომ სსრკ-ს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშისას ასაკობრივი შეზღუდვა არ შეხებოდა - ზ.წ).

ფოტო: ამერიკის ხმა

ფეხბურთის თამაში მშობლიურ ქალაქში, საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელთან ბონდო კაკუბავასთან დაიწყო, რომელიც ამბობს, რომ დარასელიას მსგავსი ტალანტი აღარ შეხვედრია.

1973 წელს, ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში, სკოლის მოსწავლე, საქართველოს პირველობის მეორე ზონაში მოასპარეზე - ოჩამჩირის ამირანმა აიყვანა. 1975 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კი თბილისის დინამოს ღირსებას იცავდა.

ტექნიკური, ჯანიანი და აგრესიული დარასელია იდეალურად მოერგო ნოდარ ახალკაცი უფროსის საფეხბურთო კონცეფციას, რომელმაც 1976 წელს, ლეგენდარული ქართული გუნდის მშენებლობა დაიწყო. ვიტალი ერთნაირად წარმატებული იყო, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე.

არგენტინა - სსრკ-ს მატჩის წინ, ბუენოს არიესი, 04.04.1982

ფოტო: ამერიკის ხმა

1976 და 1980 წლებში, ჯერ საბჭოთა კავშირის იუნიორთა, შემდეგ კი ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად, ვიტალიმ ევროპის ჩემპიონატზე იმარჯვა. საბჭოთა კავშირის "დიდ" ნაკრებში კი 22 თამაშის გამართვა მოასწრო და 3 გოლი გაიტანა (იაპონიასთან 1978-ში, დანიასთან 1979-ში და უელსთან, 1981 წლის 18 ნოემბერს თბილისში). აქედან ოთხი შეხვედრა, 1982 წელს, ესპანეთში, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშა

თბილისის დინამოს მაისურით დარასელიამ 1976 წელს, საბჭოთა კავშირის თასი მოიგო. ერთი წლის შემდეგ, ჩემპიონატში ვერცხლის მედლებს დაეუფლა. 1978-79 წლებში, ოქროს თაობასთან ერთად, პირველად ქვეყნის ჩემპიონი გახდა და თასი მეორედაც ასწია.

1981 წლის 13 მაისი..წამიც და დარასელია ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან გოლს გაიტანს

ფოტო: ამერიკის ხმა

მრავალრიცხოვან გულშემატკივართა გულები ოჩამჩირელმა ოქროს ბიჭუნამ, სამუდამოდ, 1981 წლის 13 მაისს, ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალის დროს დაიპრო. დიუსელდორფში თამაშის დასრულებამდე სამი წუთით ადრე, იენის კარლ ცეისს კარში დაუვიწყარი და გადამწყვეტი გოლის ავტორი სწორედ დარასელია გახდა. დინამოს ლეგენდარული კაპიტანი ალექსანდრე ჩივაძე ამბობს:

ფინალურ მატჩში ერთი გოლი ვოვა გუცაევმა შეადგო და ერთიც ვიტალი დარასელიამ. ერთი ოსი იყო, მეორე - აფხაზი, ყველა ერთად კი ქართველები ვიყავით. ამიტომ იყო ეს დიდი გამარჯვება აბსოლუტურად ყველასი, მთელი საქართველოსი

ალექსანდრე ჩივაძე, თბილისის დინამოს ლეგენდა

"მაშინ ამას ყურადღებას არავინ ვაქცევდით, მაგრამ ეს თამაში იყო მთელი ქართველი ხალხის გამაერთიანებელი და გამამთლიანებელი. მით უმეტეს, რომ ფინალურ მატჩში ერთი გოლი ვოვა გუცაევმა შეაგდო და ერთიც ვიტალი დარასელიამ. ერთი ოსი იყო, მეორე - აფხაზი, ყველანი ერთად, ქართველები ვიყავით. ამიტომ იყო ეს დიდი გამარჯვება აბსოლუტურად ყველასი, მთელი საქართველოსი."

ვიტალი დარასელიამ თბილისის დინამოში სულ 192 თამაში ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა. მისი დებიუტი 1975 წლის 11 მაისს ტაშკენტის ფახთაქორთან შედგა. ბოლოჯერ, თბილისელმა მაყურებელმა დარასელიას სიმფონია 1982 წლის 6 ოქტომბერს, ისევ ტაშკენტის ფახთაქორთან იხილა.

დარასელია, ჩივაძე, შენგელია, ხიზანიშვილი, გაბელია, სვანაძე..1981 წლის ოქროს გუნდი

ფოტო: ამერიკის ხმა

დინამოს მაისურით, ვიტალი უკანასკნელად 1982 წლის 16 ოქტომბერს მოსკოვში, ადგილობრივ დინამოსთან გამოვიდა. იგი ტრავმის გამო 37 წუთზე შეცვალეს, მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა რომ ეს 25 წლის ვიტალის ბოლო თამაში იყო.

13 დეკემბერს, დინამოს ვარსკვლავი საკუთარი 06 მარკის ჟიგულით თბილისიდან ოჩამჩირეში ძმის დასახმარებლად გაემგზავრა. რიკოთის უღელტეხილზე, ხარაგაულის რაიონის სოფელ უბისასთან, მან საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე ძირულაში გადავარდა.

ვიტალის ცხედარი მხოლოდ 13 დღის შემდეგ იპოვეს. ქართველებს საფეხბურთო კუმირის დაკრძალვა დიდუბის პანთეონში სურდათ, მაგრამ აფხაზების დაჟინებული მოთხოვნით, პირველ რიგში კი დედის სურვილით, ოჩამჩირეში მიაბარეს მიწას.

დაკრძალვა მშობლიურ ოჩამჩირეში, 1982 წლის 30 დეკემბერს

ფოტო: ამერიკის ხმა

1982 წლის 28 დეკემბერს ვიტალის, გულშემატკივრების სახელით, ლელოს მიმომხილველი ირაკლი ბერიაშვილი ასე დაემშვიდობა:

"მაშინ მუსიკაზე ვსაუბრობდით, როგორღაც მორიდებით ლაპარაკობდი. თითოეულ ფრაზას პაუზა მოსდევდა. მერე კიდევ... ამ პაუზებით ვიგრძენი როგორ გიყვარდა მუსიკა... ქარმა წაიღო ის მელოდია...

მაგრამ ფეხბურთიც მელოდია იყო შენთვის. იქ შენ თვითონ ეძებდი, რიტმსა და ჰარმონიას. ეძებდი და პოულობდი კიდეც, პოულობდი იმიტომ რომ უშუალოდ ხარჯავდი ძალასა და ნიჭს... ამიტომ გვიყვარდი... შენით შექმნილი საფეხბურთო მელოდია კი დიდხანს, დიდხანს იტრიალებს შენს საყვარელ დინამოს სტადიონზე."

ფოტო: ამერიკის ხმა