შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და თანხის გამოძალვის მომზადების ბრალდებით ოთხი პირი დააკავა.

უწყების თქმით, გეგმის შესასრულებლად ბრალდებულებმა დაზარალებულის საცხოვრებელ კორპუსში ბინა წინასწარ დაიქირავეს, საიდანაც მის გადაადგილებას აკვირდებოდნენ.

შსს-ს განცხადებით, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა, ნიღბები, მობილური ტელეფონები, წებოვანი ლენტები, ხელბორკილები, ელექტროშოკი და ე.წ. პარიკი ამოიღო.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-143-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ", მე-3 ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით და 18-181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით).