ჰარვი ვაინშტაინის მიერ სექსუალური შევიწროების საქმეზე ახალ-ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

ცოტა ხნის წინ The Wrap-ის დამფუძნებელმა, შერონ ვაკსმანმა, ვაინშტაინის გახმაურებული სკანდალის გარშემო კიდევ ერთი, ბევრისთვის არც თუ ისე სასიამოვნო დეტალი გაასაჯაროვა.

როგორც ვაკსმანი ამბობს, ჯერ კიდევ 2004 წელს ჰოლივუდის ორი წამყვანი მსახიობი რასელ ქროუ და მეთ დეიმონი ვაინშტაინს თავისი ბინძური საქმეების მიჩქმალვაში ეხმარებოდნენ.

როგორც შერონი ყვება, ჰოლივუდის ელიტის ზეწოლის შედეგად, მას იმ სტატიის შინაარსის შეცვლა მოუწია, რომელიც სწორედ ჰარვი ვაინშტაინის საქციელს ეხებოდა.

როგორც The Wrap-ის დამფუძნებელი, რომელიც წლების წინ სწორედ New York Times-ში მუშაობდა, აცხადებს, მეტ დეიმონი და რასელ ქროუ მას სთხოვდნენ, არ ეხსენებინა იმის შესახებ, რომ Miramax-მა იტალიელი თანამშრომელი, ფაბრიციო ლომბარდო მხოლოდ იმისთვის აიყვანა, რომ ვაინშტაინის მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა და მისთვის სასურველი ქალები მიეყვანა.

შერონ ვაკსმანი ამბობს, რომ სწორედ ამ ზეწოლის დამსახურებაა, რომ სტატიიდან ბევრი ისეთი მნიშვნელოვანი დეტალი ამოიღეს, რაც ამ სკანდალს აქტუალურს ჯერ კიდევ 2004 წელს გახდიდა.

ამავე საქმის დეტალებს იხსენებს მსახიობი ეიჟა არგენტოც, რომელიც ამბობს რომ ვაინშტაინის დაქირავებულმა ფაბრიციო ლომბარდომ ის მოტყუებით მიიყვანა ჰარვისთან.

"ფაბრიციო ლომბარდომ ვეინშტეინის ოთახში შემიყვანა, 1997 წელს, 21 წლის ვიყავი. მან მითხრა, რომ Miramax-ის წვეულებაზე მივყავდი. ოთახში მხოლოდ ჰარვი დამხვდა", - წერს ეიჟა.

ამ ამბავს ჯერ-ჯერობით არ გამოხმაურებია რასელ ქროუ, რაც შეეხება მეთ დეიმონს, მან გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა.

"ჰარვიმ დამირეკა და მითხრა, რომ ის [შერონ ვაკსმანი] აპირებდა დაეწერა ფაბრიციოს შესახებ, თანაც ნეგატიურ კონტექსტში. მთხოვა მისთვის [ვაკსმანი] გადამერეკა და მომეყოლა ჩემი გამოცდილების შესახებ ფაბრიციოსთან დაკავშირებით, ასეც მოვიქეცი. მე მას [ფაბრიციოს] კარგად ვიცნობდი, იტალიაში ყოფნის დროს ხშირი კონტაქტი მქონდა და მის სახლში მისადილია კიდევაც. მე და რასელმა შერონს მხოლოდ ეს ისტორია მოვუყევით, არ მეგონა თუ ახლა, ამდენი წლის შემდეგ ასე შემოგვიბრუნდებოდა. მე გოგოების მამა ვარ, როგორ გგონიათ ჩემთვის როგორი მოსასმენი იქნებოდა ეს? შემდეგ შერონმაც დამირეკა და ბოდიში მომიხადა, სულ ეს იყო.", - ამბობს დეიმონი.

ჰარვი ვაინშტაინი ათწლეულების განმავლობაში ჰოლივუდის გავლენიანი პროდიუსერი იყო, თუმცა მისი კარიერა იმ ქალებმა დაასრულეს, რომლებზეც ის წლების განმავლობაში ძალადობდა.

ვაინშტაინი პირველად მსახიობმა ეშლი ჯადმა, ნიუ-იორკ თაიმსის საშუალებით ამხილა. მისი წერილის მიხედვით, ვაინშტაინმა, 90-იან წლებში, ის სასტუმროს ნომერში კონტრაქტის პირობებზე სასაუბროდ დაიბარა, შემდეგ კი დიალოგი სააბაზანოში შესთავაზა და მასთან ერთად შხაპის მიღება მოსთხოვა.

ეშლი ჯადის გარდა, ჰარვის სექსუალური შევიწროვების ბრალდებით უამრავი ქალი ადანაშაულებს, მათ შორის მისი ყოფილი ასისტენტები და ჰოლივუდის ისეთი გავლენიანი მსახიობები, როგორებიც არიან ანჯელინა ჯოლი და გვინეტ პელტროუ.

გუშინ სამმა ქალმა ჰარვი ვაინშტაინი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. მათგან ერთ-ერთი იტალიელი მსახიობია, რომლის თქმითაც, ვაინშტაინს მასთან ძალადობით ჰქონდა ორალური და ვაგინალური სექსი. ოთხი ქალი ამბობს, რომ ვაინშტაინი მათ მათი ნების საწინააღმდეგოდ შეეხო. ქალების ნაწილის თქმით, ვაინშტაინი მათ წინაშე მასტურბირებდა.

გუშინ ნიუ-იორკერმა პირველად გამოაქვეყნა 2015 წლის ჩანაწერი, რომელშიც ვაინშტაინი იტალიელ მოდელს, ამბრა გუტიერესს, აბაზანაში შეყოლას დაჟინებით სთხოვს. მოდელი უარობს, რადგან მისთვის წინა მსგავსი შემთხვევა უსიამოვნოდ დასრულდა, თუმცა ვაინშტაინი მას ეუბნება, რომ 5 წუთის გამო "მეგობრობას" ნუ დაანგრევს.

ჩანაწერის გავრცელებიდან რამდენიმე საათში ჰარვი ვაინშტაინის ცოლმა, ჯორჯიანა ჩეპმენმა, განქორწინებაზე შეიტანა საბუთები, მისმა ძმამ კი ავადმყოფი და მსოფლიო დონის მატყუარა უწოდა.

გაიგე მეტი: სექსუალური შევიწროება კინოინდუსტრიაში - ჰოლივუდი ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ.