თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურის სკოლაში სარემონტო სამუშაოების დროს იატაკი ჩაინგრა და მუშა დაშავდა.

ტელეიმედის ინფორმაციით, მუშას ხერხემლის წელის მალების დაზიანება აღენიშნება. თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია და მაღალტექნოლოგიური ნეიროქირურგიული ინტერვენციის მიზნით თბილისში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ On.ge-ს უთხრა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.