Samsung-მა თავისი რობომტვერსასრუტი POWERbot VR7000 თემატური დიზაინით, ლიმიტირებული რაოდენობით გამოუშვა.

მტვერსასრუტების დიზაინი ვარსკვლავური ომების პერსონაჟების, დართ ვეიდერისა და იმპერიის ჯარისკაცის ანუ სტორმტრუპერის კოსტიუმების მიხედვითაა შექმნილი. როგორც სამსუნგის ოფიციალურ პრესრელიზში ვკითხულობთ, მტვერსასრუტები Star Wars: The Last Jedi-ს კამპანიის ნაწილია და ის ფილმის შემქმნელებთან და ფანებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა.

დართ ვეიდერის მოდელს Wi-Fi-სთან დაკავშირების უნარი და დისტანციური მართვის პულტიც აქვს, ხოლო როცა ჩართავთ, მტვერსასრუტი ამ პერსონაჟივით დაიწყებს სუნთქვას. შემდეგი მოდელები, იმედია, იმპერიულ მარშსაც დაუკრავენ.

ფოტო: Samsung

რაც შეეხება სტორმტრუპერებს, ისინი უბრალოდ დადიან და ალაგებენ, ხოლო თუ სადმე, კუთხეში, კარადის უკან ან მტვერში ჯედაის შეამჩნევენ ლაზერული იარაღიდან ისვრიან - არა, მართლა კი არა... მშვიდად ალაგებენ, ომის გარეშე.

ფოტო: Samsung

VR7000 Star Wars-ს ისეთივე ტექნიკური მაჩვენებლები აქვთ, როგორც ჩვეულებრივ POWERbot-ს. ის სხვადასხვა სენსორების საშუალებით გვერდს უვლის ავეჯს და დეკორაციებს, კუთხეებიდან და ძნელად მისადგომი ადგილებიდან იღებს მტვერს და ა.შ.

შეგახსენებთ, Star Wars: The Last Jedi კინოთეატრებში 13 დეკემბრიდან გამოდის.