7 მარტს თავისუფალ უნივერსიტეტში დაგეგმილი იყო თათა ცოფურაშვილის ლექცია "ჰომოფობიის სოციო-კულტურული" ასპექტები, რომელზე დასწრებაც ნებისმიერი მოქალაქისთვის თავისუფალი იყო.

აუდიტორიაში, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაცია იდენტობის დაანონსებული ლექცია უნდა გამართულიყო, სტუდენტებთან ერთად ესწრებოდნენ მმკ-ის წევრები და ამნისტიის დროს პოლიტ-პატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირი. სტუდენტების თქმით, ისინი მოსვლის წუთიდან ამბობდნენ, რომ მათი მოსვლის მიზანი ლექციის ჩაშლა იყო.

"აუდიტორიაში იყვნენ მხოლოდ სტუდენტები, მომხსენებელი, ჩაშლის მსურველი დაახლოებით 10 ადამიანი და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ლექციის დაწყებამდე მათ თქვეს, რომ ლექციის ჩაშლას აპირებდნენ. ისინი ადმინისტრაციის თხოვნასა და მოთხოვნაზე არ რეაგირებდნენ. ყველას ცალცალკე ეკითხებოდნენ, ქრისტიანები იყვნენ თუ არა და პროვოკაციების მოწყობას ცდილობდნენ" - ამბობს ჩვენთან საუბრისას აუდიტორიაში მყოფი სტუდენტი მარიტა მაზანაშვილი.

თათა ცოფურაშვილის თქმით, აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენლები საგანმანათლებლო სივრცეში მუქარის შემცველ განცხადებებსაც ავრცელებდნენ:

"ამბობდნენ, რომ 'ქვეყნიდან გაგვაძევებდბნენ', უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენელს, რომელიც 2 საათის განმავლობაში ცდილობდა მათთან მოდელირებას, უთხრეს, რომ 'უნივერსიტეტს დაატოვებინებდნენ'. თავისუფალი უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა დაცვას და პოლიციას არ დაუძახეს, რადგან არსებობდა ამ ჯგუფის წევრების მხრიდან ფიზიკური იერიშისა და აუდიტორიაში ნივთების დამტვრევის რისკი".

თავისუფალი უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ბექა კოკაია თვლის, რომ ლექცია არ ჩაშლილა:

"იდენტობამ გვთხოვა აუდიტორიის დათმობა და ლექცია იყო საჯარო. ჩვენ არ შევზღუდეთ შემომსვლელები. ლექციაზე სპიკერებს უსვამდნენ კითხვებს. სპიკერი ამბობდა, რომ ლექცია ისე არ მიდიოდა, როგორც დაგეგმილი იყო, თუმცა ჩვენ საჯარო ლექციაზე ვინმეს შემოსვლას ვერ დავუშლიდით. უნივერსიტეტმა უზრუნველყო ის, რომ ფიზიკური შეხლა-შემოხლა არ მომხდარა და აუდიტორია გამოვყავით. რომელიმე მათგანს რომ კანონი დაერღვია, ჩვენ მას აუდიტორიას დავატოვებინებდით".

იდენტობის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის სოფო გელავას თქმით, შესაძლებელი იყო სიტუაციის მეტად კონტროლი:

"პოლიციის ჩარევის შემთხვევაში, ალბათ ლექცია მაინც არ ჩატარდებოდა, თუმცა უნივერსიტეტი ექსტრემისტული ჯგუფების მიმართ უფრო მკაცრ პოზიციას დააფიქსირებდა და ეს კარგი იქნებოდა. იყო შეურაცხმყოფელი და აგრესიული გამონათქვამები, როგორიცაა მაგალითად, რომ იდენტობა ალ-ქაიდაზე უარესი დაჯგუფებაა და ა.შ.".

22 თებერვალს, მუქარის გამო, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კონფერენცია ჩაიშალა, რომლის ორგანიზატორი ასევე იდენტობა იყო.