კატალონიის ლიდერმა კარლეს პუჩდემონმა, დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელმოწერის შემდეგ, რეგიონულ პარლამენტს მოუწოდა, გადადოს დამოუკიდებლობის გამოცხადება, რათა ესპანეთიდან გამოყოფაზე მადრიდთან ოფიციალური დიალოგი დაიწყოს, წერს BBC.

მისი თქმით, პირველი ოქტომბრის რეფერენდუმის შედეგებით მათ ხალხისგან მიიღეს მანდატი, რათა კატალონია დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდეს:

კარლეს პუჩდემონი

ფოტო: Getty

"კატალონიის მილიონობით მაცხოვრებელი ერთადერთ ვარიანტად კატალონიის დამოუკიდებლობას მიიჩნევს".

ესპანეთის მთავრობამ პუჩდემონის მიერ დამოუკიდებლობის ხელმოწერილი დოკუმენტი არ მიიღო და მედიაციისკენ მოწოდებებიც უგულვებელყო. უახლოეს დღეებში ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა საგანგებო სხდომა უნდა მოიწვიოს, სადაც სამომავლო გეგმები განისაზღვრება.

კატალონიის პარლამენტში გამოსვლისას პუჩდემონმა აღნიშნა, რომ არ გეგმავს "მუქარასა და შეურაცხყოფას", მას "დაძაბულობის დეესკალაცია" სურს:

"ჩვენ არ ვართ კრიმინალები, ჩვენ არ ვართ შეშლილები, ჩვენ ნორმალური ადამიანები ვართ, რომლებიც ხმის მიცემის საშუალებას ითხოვენ. არაფერი გაქვს ესპანეთისა და ესპანელების საწინააღმდეგო".

პუჩდემონის გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე, ესპანეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დამოუკიდებლობის ნებისმიერ ერთმხრივ დოკუმენტს დაუყოვნებლივ უპასუხებს და "დემოკრატიისა და კანონის" აღდგენისთვის ყველა ზომას გამოიყენებს.

კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი, რომელსაც არ აღიარებს მადრიდი და არც ევროკავშირი, ჯერ კიდევ ჩატარებამდე გამოაცხადა არაკონსტიტუციურად ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ. ესპანეთის ერთიანობას დაუჭირეს მხარი გერმანიამ და საფრანგეთმა.

ესპანეთის მიერ არაღიარებული რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, კატალონიელების 90-მა პროცენტმა დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. ამავე დროს, მოქალაქეების აქტივობა 43 პროცენტს შეადგენდა.

მადრიდის განკარგულებით პოლიცია რეფერენდუმის ჩაშლას ცდილობდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. პოლიცია საარჩევნო უბნებში შეიჭრა და ყუთები გაიტანა, ასევე, დალუქა რამდენიმე საარჩევნო უბანი. საერთო ჯამში, პოლიციელებთან შეტაკებებისას 900 მოქალაქე დაშავდა.

მოგვიანებით, ესპანეთის ხელისუფლებამ უხეში ძალის გამოყენებისთვის კატალონიას ბოდიში მოუხადა და ამავე დროს, არაკანონიერი რეფერენდუმის ჩატარებაში დასდო ბრალი.