თბილისის საკრებულომ ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებისთვის თბილისის ცენტრში მიწების ერთ ლარად გადაცემის საკითხს მხარი დაუჭირა.

საკრებულოს თავმდჯომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა განაცხადა, რომ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დასწრების უფლება მხოლოდ საკრებულოს წევრებსა და მედიას ჰქონდათ. ალიბეგაშვილის თქმით, ამის მიზეზია ოპოზიციის გაცხადებული მიზანი საკრებულოს სხდომის ჩაშლის შესახებ. პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებსაც თბილისის საკრებულოს შენობა ალყაში აქვთ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები შენობაში არ შეუშვეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს წევრები საკრებულოში შესვლასა და სხდომის გაპროტესტებას აპირებდნენ.

ევროპულის საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიას თქმით, ალიბეგაშვილმა კანონი დაარღვია, რადგან პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის წევრებს, სათათბირო ხმის უფლებით, საკრებულოს სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ.

დღეს, 10 ოქტომბერს თბილისის საკრებულო საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრთან და მმართველი პარტიის დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ორი კომპანიისთვის მიწის გადაცემის საკითხი განიხილა. საუბარია ოქროყანის დასახლებაში მდებარე 4 400 მ2 მიწის ნაკვეთისა და პუშკინის ქუჩაზე, "ცეკავშირის" მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 1 900 მ2 მიწის ნაკვეთზე.