დღეს, 9 ოქტომბერს, თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე წყლის მილი გასკდა, რის გამოც მშენებარე კამერული თეატრი დაიტბორა. არაშენებული თეატრის წარმომადგენლები მომხდარში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (GWP) პასუხისმგებლობას ხედავენ.

"ყველაფერი განადგურებულია - ტექნიკა, ხელსაწყოები, ახალდაგებული იატაკი, ყველაფერი წყალშია", - უთხრა On.ge-ის გიორგი აფხაზავამ, რომელიც თეატრს საკუთარი სახსრებით, მეგობრებთან ერთად აშენებს. "ერთი წელია უკვე კაპიკ-კაპიკ შეგროვებულ თანხას ვუშვებთ ამ თეატრის აშენებაში. პირდაპირი გაგებით ვშიმშილობთ, რომ ჩვენი ხელით თეატრი ავაშენოთ", - ამბობს ის.

აფხაზავას თქმით, ეს უკვე დაახლოებით მეხუთე შემთხვევაა, როცა თეატრი იტბორება, თუმცა ეს შემთხვევა იმითაა განსხვავებული, რომ ახლა იატაკის დაგება თითქმის დასრულებული ჰქონდათ, მანამდე კი ბეტონიც კი არ იყო გასწორებული:

"რეგულარუდა ხდება. მოდიან, ლატკავენ, გახვრეტილ მილებს გადაწებ-გადმოაწებებენ, იტყვიან პატკლატკაა გაფუჭებული და ხან ერთ ჭაში სკდება მილი, ხან მეორეში."

ზუსტი ზარალი ჯერ დათვლილი არაა, თუმცა საუბარი, სავარაუდოდ, რამდენიმე ათასზეა. არც მშენებლობაა დაზღვეული:

"ვერ ვაზროვნებ ნორმალურად, არ ვიცი რა გავაკეთო. მეგობრებს მივმართავ და მირჩევენ როგორ მოვიქცე."

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ცნობით, წყალმომარაგება უკვე აღდგენილია და კომპანია თეატრის მფლობელებს ზარალს აუნაზღაურებს. ამასთან, GWP-ში ამტკიცებენ, რომ ბოლო სამი თვის მონაცემებით, ამ მისამართიდან არც ერთი შეტყობინება დაზიანების შესახებ კომპანიაში არ შესულა.