ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტს, ეკა კვესიტაძეს სახლთან მანქანა დაუზიანეს. მისი თქმით, მანქანის დაზიანებიდან გამომდინარე, ძარცვის შემთხვევას გამორიცხავს.

"თავიდან გვეგონა, რომ ქურდობა იყო, მაგრამ მერე აღმოვაჩინეთ, რომ სარკეები იქვე ეყარა, მანქანა დაზიანებულია, მიჭეჭყილი აქვს ორივე მხარე და ნასიარულებია ზედ - მიზანმიმართულად დააზიანეს", - უთხრა კვესიტაძემ On.ge-ს.

მისი თქმით, არაა გამორიცხული, რომ მანქანის დაზიანება მის საქმიანობას უკავშირდებოდეს, ამიტომ მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებისთვის გამოძიების დასრულება და მიზეზის დადგენა მნიშვნელოვანია.

"გამოძიებას საქმის გასახსნელად ყველა წინაპირობა აქვს. ანაბეჭდები, ზუსტი დრო, კამერების ჩანაწერები, მეზობლების ჩვენებები, რომლებმაც მანქანის დაზიანება დაინახეს", - ამბობს კვესიტაძე.

მისი თქმით, მის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევბი ყოფილა, თუმცა მუქარა არასდროს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება) იძიებს.

ფოტო: ეკა კვესიტაძე