ქართული ოცნება აცხადებს, რომ საბავშვო ბაღების არც ერთი თანამშრომლისთვის კახა კალაძის მხარდამჭერთა სიის შეგროვება არ დაუვალებია. მმართველი გუნდის განცხადებით, არის ერთეული შემთხვევები, როდესაც ბაღების თანამშრომლები პარტიის აქტივისტები არიან:

"ისინი საარჩევნო კამპანიაში ჩართული არიან არა როგორც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომლები, არამედ მათი პარტიული სტატუსის ფარგლებში და ამ სტატუსის შესაბამისად. ამასთან, ისინი შესაბამის საქმიანობას ახორციელებენ არასამსახურებრივ საათებში."

ქართული ოცნების განცხადებთ, საჯარო დაწესებულებების, მათ შორის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დეპოლიტიზება ქართული ოცნების დამსახურებაა:

"მზად ვართ, აქტიურად ვითანამშრომლოთ არჩევნების ყველა ნეიტრალურ დამკვირვებელთან ამ პრინციპის შესაძლო დარღვევის თითოეული ფაქტის შესასწავლად."

საპირისპიროს ამტკიცებს სტუდია მონიტორის ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმად, თბილისის 170-მდე ბაღის ხელმძღვანელს, თითოეულს 100-დან 200-მდე მხარდამჭერთა სიის შედგენა და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში მიტანა დაევალა. მონიტორის ჟურნალისტი ჯერ ბაღების სააგენტოს თანამშრომლად ეცნობოდა ბაღების დირექტორებს და ისინიც აღნიშნულ სიებზე ღიად საუბრობდნენ. მოგვიანებით, ჟურნალისტად წარდგენის გამო, დირექტორებმა ინფორმაცია უარყვეს. სტუდია მონიტორმა შეგნებულად არ დაასახელა კონკრეტული ბაღების ხელმძღვანელები, რადგან მიაჩნია, რომ პრობლემა სისტემურია.

თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს დირექტორმა, თემურ თორდინავამ უარყო სტუდია მონიტორის გამოძიებაში გაჟერებული ბრალდებები და მათ არასერიოზული უწოდა.

თავად კახა კალაძისთვის "არ არის მონიტორი საინტერესო".