ეკონომიკის მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ანაკლიის ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Gem Fest სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ უნდა დაფინანსდეს:

"როგორც შარშან, ისე წელს,ასევე იქნება მსჯელობა, მაგრამ ჩემი პოზიცია იქნება, რომ არ დავაფინანსოთ ეს ღონისძიება. ეს იყო მენეჯმენტის ხარვეზები, როდესაც ჩვენ დავდექით იმ მდგომარეობაში, როდესაც მოგვიწია დამატებითი ხარჯების გაწევა".

2017 წელს ბიუჯეტმა ელექტრონული მუსიკის ფესტივალი 2 მილიონი ლარით დააფინანსა. ფესტივალი ერთი თვის განმავლობაში, 14 ივლისიდან 14 აგვისტომდე გაგრძელდა.

ფესტივალის ორგანიზატორის, გიორგი სიგუას თქმით, GEM Fest ფინანსურად შემოსავლიანი არ გამოდგა, რაც მისი მცდარი წარმოდგენების შედეგია. მისი თქმით, კვებისა და სავაჭრო ობიექტები ვერ უხდიდნენ იჯარის ფულს იმიტომ, რომ არ ჰქონდათ მუშაობა. ამ მიზეზით ვერც GEM Fest-ის ორგანიზატორები იხდიდნენ ქვეყნის შიგნით და გარეთ არსებულ ფინანსურ დავალიანებას.