სტუდენტთა გაერთიანებამ, სტუდენტები განათლების პოლიტიკის წინააღმდეგ, 7 მარტს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში აქცია გამართა, რომლის მიზეზიც სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ერთ ტრენინგში დახარჯული 24,600 ლარი გახდა.

სტუდენტების განცხადებით, ეს პირველი შემთხვევა არაა, რაც სტუდენტური თვითმმართველობა მსგავს ტრენინგში თანხებს ხარჯავს.

თსუ-ს სტუდენტების ნაწილი თვითმმართველობის პრივილეგიების შეზღუდვას ითხოვს. 7 მარტი, 2016 წელი.

ფოტო: თამარა ღამბაშიძე / On.ge

"წინა წელს 19 ათასი დაჯდა იგივე ტრენინგი, რასაც სტუდენტების აქცია მოჰყვა. წელს მათ ეს თანხა გაზარდეს მაშინ, როცა აუდიტორიებში ძალიან ცუდი სიტუაციაა, წყალი ჩამოდის, ზამთარში გათბობა არაა. დღევანდელი აქცია თვითმმართველობის სტუდენტების მიმართ კი არა, მათ წინააღმდეგ არის, ვინც ისინი დააფინანსა", - უთხრა On.ge-ს აქციის მონაწილე თამუნა გოგრიჭიანმა.

როგორც აქციის მონაწილე სტუდენტები ამბობენ, 2015-2016 წლებში ბაკურიანში გამართულ ტრენინგებზე თვითმმართველობის 70 სტუდენტის 24,600 ლარით დაფინანსება საუნივერსიტეტო ინტერესების უგულებელყოფაა.

"წლების განმავლობაში თსუ-ს თვითმმართველობას უნივერსიტეტის რესურსებზე მონოპოლია აქვს. ეს პრივილეგიები მათ უკანონოდ მიითვისეს. მათ აქვთ ძალადობრივი პოლიტიკა, რომელიც თსუ-ს ცხოვრებაში ჩარევას და მათ პოზიციების გამყარებას ეფუძნება. თსუ-ში ამ დროისთვის 3 ათასზე მეტი სტატუსშეჩერებული სტუდენტია, რომლებიც თანხის გადაუხდელობის გამო სწავლას ვერ აგრძელებს. თვითმმართველობის წევრებს იგივე ტრენინგის 500 ლარად გავლა შეეძლოთ უნივერსიტეტის პირველ კორპუსში", - გვითხრა აქციის მონაწილე ირაკლი კუპრაძემ.

თსუ-ს სტუდენტების ნაწილი თვითმმართველობის პრივილეგიების შეზღუდვას ითხოვს. 7 მარტი, 2016 წელი

ფოტო: თამარა ღამბაშიძე / On.ge

თსუ-ს სოციალურ-პოლიტიკური ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წევრის ტატო ირემაძის თქმით, მათ დაფინანსება თსუ-ს საგანმანათლებლო ბიუჯეტიდან მიიღეს, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია:

"თანხის გამოყოფა და დახარჯვა მიზნობრივი იყო, რადგან საგანმანათლებლო ტრენინგი იყო და არავინ იყო ბაკურიანში გასართობად წასული. თითოეულ სტუდენტზე ამ პროექტის მიხედვით დაახლოებით 330 ლარამდე იხარჯება, წელიწადში ერთჯერადად. ჩვენ ბევრ ფაკულტეტზე ვატარებთ ფასიან პროექტებს, სადაც მხოლოდ არათვითმმართველობის წევრ სტუდენტებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება და 1000 ლარის ოდენობის თანხის ან სხვა პრიზების მოგება. ამასთან შედარებით, თვითმმართველობის ერთ სტუდენტზე 328 ლარის დახარჯვა სულაც არ მეჩვენება არამიზნობრივად".