იტალიის ვეტერანი ფეხბურთელები, თბილისის შემდეგ, ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ გროზნოში, ვლადიმერ პუტინის 65-ე დაბადების დღეზე, ამხანაგურ მატჩში ითამაშებენ. ღონისძიება 7 ოქტომბერსაა დაგეგმილი. ინფორმაციას ჩეჩნეთის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"თამაშში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ახმატ არენაზე გაიმართება, რუსული და იტალიური ფეხბურთის ლეგენდები ჩამოვლენ", - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

ჩეჩნეთის გუნდ ლიდერს თავად რესპუბლიკის პრეზიდენტი, რამზან კადიროვი ჩაუდგება სათავეში. მასთან ერთად გუნდში რუსი ფეხბურთელები ალექსანდრ კერჟაკოვი და ვალერი კარპინი იქნებიან.

რაც შეეხება იტალიის გუნდს, ჩეჩნეთის მთავრობის ადმინისტრაცია მხოლოდ სამი ფეხბურთელის ვინაობას ასახელებს: სტეფანო ფიორე, მასიმო ოდო, სალვატორე სკილაჩი.

29 სექტემბერს, 21 საათზე, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე საქველმოქმედო მატჩი - მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის გაიმართა. მატჩში ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავებმა და თბილისის მერობის კანდიდატმა, ყოფილიმა ფეხბურთელმა, კახა კალაძემ მიიღეს მონაწილეობა. თბილისში ჩამოსულ იტალიელ ფეხბურთელებს შორის იყო მასიმო ოდოც.

მიუხედავად იმისა, რომ კახა კალაძე უარყოფდა აღნიშნული მატჩის პირადი საარჩევნო მიზნებისთვის ორგანიზებას, არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული ფაქტი რამდენიმე მიზეზის გამო კანონდარღვევის ელემენტებს შეიცავდა.

იტალიელმა ფეხბურთელმა პაოლო მალდინიმ საქველმოქმედო მატჩად გამოცხადებული თამაშის შემდეგ ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა კომენტარით "ლეგენდები თბილისში კახა კალაძისთვის".