გერმანიაში პირველი ოქტომბრიდან ძალაში შევიდა კანონი ინტერნეტსივრცეში სიძულვილის ენის წინააღმდეგ. აღნიშნული კანონი სოციალურ მედიებს, მათ შორის ისეთებს, როგორიცაა ფეისბუკი, ტვიტერი, გუგლი, ავალდებულებს, რომ საჩივრის შესვლიდან 24 საათის განმავლობაში სიძულვილის შემცველი კონტენტი წაშალონ. ინფორმაციას ახალი რეგულაციის შესახებ პოლიტიკო ავრცელებს.

როგორც კომპანიები ამბობენ, ზოგიერთ შემთხვევაში ეს წარმოუდგენელია, რადგან ამისთვის მათ რამდენიმე კვირა სჭირდებათ. ვალდებულების არშესრულების შემთხვევაში კომპანიას, შესაძლოა 50 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმაც კი დაეკისროს, თუმცა სანქციის ოდენობა კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე იქნება დადგენილი.

კანონთან დაკავშირებით დავის მთავარი საგანი შესაძლო დარღვევაზე სოციალური მედიის რეაგირების შეზღუდულ ვადებს უკავშირდება. კანონის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ვადების მსგავსად შეზღუდვების შემთხვევაში კომპანიები სადაო საკითხებთან დაკავშირებით კონტენტს მხოლოდ იმისათვის წაშლიან, რომ არ დაჯარიმდნენ.

ახალი კანონი გახდა უკმაყოფილების მიზეზი ამერიკელ და გერმანელ პოლიტიკოსებს შორის, რადგან ის ტექნოლოგიური გიგანტები, რომლებსაც აღნიშნული რეგულაციები შეეხება, ძირითადად, აშშ-ში, კალიფორნიაში არიან დაფუძნებული. დემოკრატი კანონმდებელი კალიფორნიიდან, რო ხანა, მიიჩნევს, რომ სოციალური ქსელების დავალდებულებასთან ერთად, არ უნდა შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება.

"აშშ-ში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი დისკუსია, თუ როგორ შევეწინააღმდეგოთ სიძულვილის ენას, მაგრამ ამ მიმართულებით ევროპა ნამდვილად არ არის ინოვაციური მოდელი", - თქვა რო ხანამ.

გერმანიის იუსტიციის სამინისტრო ამბობს, რომ ტექნოლოგიურ გიგანტებს ჯარიმა იმ შემთხვევაში დაეკისრებათ, თუ საჩივრების უგულებელყოფა სისტემატურ ხასიათს მიიღებს. ვადის გასვლის შემდეგ მომხმარებელს შეეძლება იუსტიციის ფედერალურ სამსახურში იჩივლოს, თუ მიიჩნევს, რომ მისი საჩივარი შესაბამისად არ განიხილეს.

კანონმა, რომელიც NetzDG-ის სახელით არის ცნობილი, განხილვა და დაპირისპირება გერმანიის შიგნითაც გამოიწვია. NetzDG-ის დამცველებს სურთ, რომ იმაზე, თუ რა იწერება ინტერნეტში, პასუხისმგებლობა აიღონ კომპანიებმა, რომელთა პლატფორმაზეც ეს სიძულვილი ვრცელდება. სიტყვის თავისუფლების დამცველები კი ამტკიცებენ, რომ კანონი ციფრული სამყაროს კონტროლისკენ გადგმული ნაბიჯია.

კანონის მიღებას გერმანიაში ბიძგი მისცა ცრუ ახალი ამბების მასობრივად გავრცელებამ, განსაკუთრებით ლტოლვილების შესახებ, ასევე, ამ მასალებთან დაკავშირებით სიძულვილის შემცველი მოსაზრებების გავრცელებამ.

გერმანელ პოლიტიკოსებს შორის, რომლებიც მხარს არ უჭერენ "NetzDG-ს", არიან მწვანეებიც. მათი მოსაზრებით, კანონი ნაჩქარევად მიიღეს, მას აქვს ხარვეზები, რაც იწვევს აურზაურს.

როგორ იმუშავებს კანონი?

"NetzDG-ის" მოთხოვნის მიხედვით, მედიაკომპანიებმა უნდა დაიქირაონ სპეციალური წარმომადგენლები გერმანიაში, რომლებმაც ადგილობრივ ხელისუფლებას მიაწოდებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას აკეთებს კომპანია სიძულვილის ენის აღმოსაფხვრელად.

კომპანიამ არალეგალურად მიჩნეული კონტენტი 24 საათის განმავლობაში უნდა წაშალოს. 50 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრება მხოლოდ იმ კომპანიას, რომელიც ამ მიმართულებით სათანადოდ არ იმუშავებს და უგულვებელყოფს მომხმარებელთა საჩივრებს.

ციფრულმა პლატფორმებმა საჩივრის შესატანად მომხმარებლებს ადვილი ონლაინ სისტემები უნდა შესთავაზონ.

სანამ კანონს მიიღებდნენ, ფეისბუკმა განაცხადა, რომ სადავო გერმანულ კანონს, იმის განსაზღვრის პასუხისმგებლობა, თუ რა არის სიძულვილის ენა, ადგილობრივი სასამართლოებიდან გადააქვს კერძო კომპანიებზე. ფეისბუკი მიიჩნევს, რომ ეს უფლებამოსილება სასამართლოს პრეროგატივაა და არა - კერძო კომპანიის.

გუგლსა და ტვიტერს ამ საკითხზე ჯერ არ უსაუბრიათ.

გერმანიის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ თუ ციფრული კომპანიები საკუთარ მოქმედებებს არ გააუმჯობესებენ, 2018 წლის მაისისთვის მათ წინააღმდეგ უფრო მკაცრ ზომებს მიიღებენ.

ციფრული ტექნოლოგიების ევროკომისრის, მარია გაბრიელას თქმით, ოთხიდან ერთ შემთხვევაში, კონტენტის წასაშლელად, კომპანიებს ერთ კვირაზე მეტი სჭირდებათ. სწორედ ამიტომ, მათ უფრო მეტად უნდა აკონტროლონ ის, თუ რას პოსტავს მომხმარებელი.