სამოქალაქო პლატფორმა არა ფობიას! წევრი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ჰომოფობიური და ქსენოფობიური გამოხატვის შემთხვევებმა იმატა, რაც მათთვის შემაშფოთებელია.

მათივე თქმით, პოლიტიკური გაერთიანებების მიერ საკუთარ საარჩევნო სიაში ისეთი კანდიდატები დასახელდნენ, რომლებიც არაშემწყნარებლური რიტორიკით გამოირჩევიან.

"მმართველმა პარტიამ თბილისის საკრებულოს პროპორციული სიის დეპუტატობის კანდიდატებად დაასახელა მიხეილ მესხი და ბექა სივსივაძე. მიხეილ მესხი 2010 წელს 7 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან გამართულ აქციაზე აქტიურად იყენებდა სიძულვილის ენას, სკანდირებდა და ღიად მოუწოდებდა თანამოაზრეებს ჰომოფობიური ფრაზებით, ხოლო ბექა სივსივაძეს, რომელიც გაზეთ ასავალ-დასავლის ჟურნალისტი იყო, წარსულში არაერთხელ გაუკეთებია ქსენოფობიური განცხადებები თურქეთის მოქალაქეების მიმართ. თავად გაზეთი ასავალ-დასავალი კი არაერთხელ მოხვედრილა სხვადასხვა ანგარიშებში როგორც ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დამრღვევი და ქსენოფობიური და ჰომოფობიური განცხადებების გამავრცელებელი გამოცემა", - ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციებისთვის მმართველი პარტიის მიერ ხსენებული კანდიდატების დასახელება, ეჭქვეშ აყენებს მათ მიერვე დეკლარირებულ ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკისადმი ერთგულებას:

"მსგავსი ქმედებებით ხელისუფლება არა თუ უპირისპირდება დისკრიმინაციაა და სიძულვილის ენას, არამედ პირიქით, ერთგვარად ახალისებს ქსენოფობიასა და ჰოუმოფისში, რამდენადაც ასეთი კანდიდატების საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მოსვლით შესაძლოა მნიშვნელოვნად გაუარესდეს უმცირესობათა უფლებრივი მდგომარეობა".

პლატფორმა არა ფობიას! მოუწოდებს ქართულ ოცნებას, საჯაროდ დააფიქსიროს მისი ნეგატიური დამოკიდებულება ქსენოფობიური და ჰომოფობიური შინაარსის სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტების მიმართ და გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას დასახელებულ კანდიდატებთან დაკავშირებით.

ორგანიზაციებისთის შემაშფოთებელია დიმიტრი ლორთქიფანიძისა და კახა კუკავას საერთო წინასაარჩევნო ვიდეო რგოლი, რომელიც უფასო პოლიტიკური რეკლამის სახით გადის ტელესივრცეში:

"ვიდეო რგოლი გაჯერებულია ქსენოფობიური ნარატივით, სადაც კანდიდატების ერთ-ერთ ძირითად წინასაარჩევნო დაპირებას "ჰიჯაბით" შემოსილი მუსლიმი აღმსარებლობის ქალებისათვის, საჯარო სივრცეებში გადაადგილების შეზღუდვას მოიცავს.

"აღნიშნული ცალსახად ხელს უწყობს საზოგადოებაში ქსენოფობიური და რასისტული განწყობების გაძლიერებას და არსებითად ეწინააღმდეგება დემოკრატიული, პლურალური, სოლიდარული საზოგადოების მშენებლობას და იმ ღირებულებათა წესრიგს".

ორგანიზიაციები მოუწოდებენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე თითოეულ პოლიტიკურ გაერთიანებასაც, დამოუკიდებელ კანდიდატებს და სხვა საჯარო პირებს უარი თქვან სიძულვილის ენის გამოყენებაზე.

განცხადებაზე ხელს აწერენ:

  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF);
  • თანასწორობის მოძრაობა;
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);
  • ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ფონდი (ISFED).