ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" (ISIS) რიგებში საქართველოს რიგით 28 მოქალაქე მოკლეს. 18 წლის მუსლიმ კუშტანაშვილი პანკისის ხეობის სოფელ დუმასტურში მცხოვრები: ამინათ წინწალაშვილისა და გივი კუშტანაშვილის ოჯახში ერთადერთი ვაჟი იყო. შვილის დაღუპვის შესახებ ოჯახს სირიიდან გუშინ შეატყობინეს.

მშობლებმა მუსლიმი ბოლოს 2015 წლის 2 აპრილს ნახეს. მეათე კლასის მოსწავლე დედამ დილით ომალოს საშუალო სკოლაში გააცილა, თუმცა არასრულწლოვანი თავის 18 წლის მეგობარ რამზან ბაღაკაშვილთან ერთად, სკოლის ნაცვლად თბილისის აეროპორტში აღმოჩნდა. იქედან სტამბოლში, თურქეთიდან კი სირიაში.

კუშტანაშვილების ჭიშკარი სოფელ დუმასტურში სამძიმრის მისაღებად გაიღო

ფოტო: ამერიკის ხმა

საქართველოს კანონმდებლობით, მესაზღვრე ვალდებული იყო, გადაემოწმებინა, არსებობდა თუ არა მშობლების თანხმობა, რომ არასრულწლოვან კუშტანაშვილს ქვეყნის ტერიტორია დაეტოვებინა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ მესაზღვრე შეცდა და მას "სასტიკი საყვედური" გამოუცხადა.

ბიჭებიდან პირველი რამზან ბაღაკაშვილი დაიღუპა. იგი სირიის ტერიტორიაზე 2016 წლის დეკემბერში მოკლეს. ამინათ წინწალაშვილი ყველანაირად ცდილობდა შვილის უკან დაბრუნებას, მაგრამ უშედეგოდ. 10 თვის შემდეგ სირიიდან მუსლიმ კუშტანაშვილის გარდაცვალების ცნობაც მოვიდა. დუმასტურელი ჟენია იმედაშვილი ამბობს:

ამათ გაიგეს და ჩვენც ოჯახის ღრიალით გავიგეთ ეს ცუდი ამბავი. ეშმაკობა არა ჰქონდა, ჭკვიანი, კარგი ბიჭი იყო. ასაკით ხო პატარა იყო, მეზობლობაშიც ძალიან კარგი ბავშვი იყო

ჟენია იმედაშვილი, დუმასტურის მკვიდრი

"ამათ გაიგეს და ჩვენც ოჯახის ღრიალით გავიგეთ ეს ცუდი ამბავი. ეშმაკობა არა ჰქონდა, ჭკვიანი, კარგი ბიჭი იყო. ასაკით ხო პატარა იყო, მეზობლობაშიც ძალიან კარგი ბავშვი იყო."

"ისლამური სახელმწიფოს" რიგებში ომალოს საშუალო სკოლის მოსწავლეების კუშტანაშვილისა და ბაღაკაშვილის გადაბირებისთვის, 2016 წლის მარტიდან, 14 წლიან სასჯელს აიუფ ბორჩაშვილი იხდის. სოფელ ჯოყოლოს ყოფილმა იმამმა აღიარა, რომ ტერორისტული ორგანიზაციის 'ხალიფასთან" "ბაიათით" ანუ ფიცით იყო დაკავშირებული.

აიუფ ბორჩაშვილი (მარჯვნივ) ავღანეთში, პანკისელ ისლამისტებთან ერთად

ფოტო: ამერიკის ხმა

გამოძიების ინფორმაციით, აიუფ ბორჩაშვილი ისლამისტ ტერორისტებს უცხოეთის ქვეყნებში რამდენჯერმე შეხვდა, მათ შორის ავღანეთსა და სირიაში. 2014 წელს, სირიაში მისი ბოლო ვიზიტისას, ISIS-ის მაშინდელმა "ომის მინისტრმა" აბუ ომარ ალ შიშანმა იგივე თარხან ბათირაშვილმა იგი "პანკისის ჯამაათის" "იმამად" დანიშნა და რეკრუტების გადაბირება დაავალა.

აიუფ ბორჩაშვილის წინააღმდეგ, საკვანძო ჩვენება მისმა თანასოფლელმა, ვაჰაბიტმა გიორგი ბორჩაშვილმა მისცა. ჩვენების მიხედვით, ომალოს სკოლის მეათე და მეთერთმეტე კლასელებისთვის: კუშტანაშვილსა და ბაღაკაშვილისთვის პირადობის მოწმობების აღება და ავიაბილეთების შეძენა სწორედ აიუფ ბორჩაშვილის დავალებით მოხდა.

ფოტო: ამერიკის ხმა

ომალოს საშუალო სკოლაში მუსლიმ კუშტანაშვილისა და რამზან ბაღაკაშვილის მასწავლებელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა ამბობს, რომ ორივე ძალიან კარგი მოსწავლე იყო და დაუჯერებელია, რომ სიცოცხლე ასე უაზროდ და ტრაგიკულად დაასრულეს:

არასოდეს შეგვიმჩნევია, რომ მათ ვაჰაბიზმისა და რადიკალური ისლამისკენ მიდრეკილება ჰქონოდათ. დაუჯერებელია რაც მოხდა

ომალოს საშუალო სკოლის მასწავლებელი

"სწავლის მხრივაც ძალიან კარგი იყო, ყოფაქცევითაც, ერთი სიტყვით, მისაბაძი მოსწავლე იყო. მეორე ბავშვი სწავლის მხრივ ასეთი კარგი არ იყო, მაგრამ ზრდილობიანი იყო, შეგნებულიც. არასოდეს შეგვიმჩნევია, რომ მათ ვაჰაბიზმისა და რადიკალური ისლამისკენ მიდრეკილება ჰქონოდათ. დაუჯერებელია რაც მოხდა."

2017 წლის აგვისტოს ბოლოს, პანკისის ხეობის სოფელ ომალოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სირიაში "ალ ბარა პანკისად" წოდებული 31 წლის ლევან ტოხოსაშვილი ოჯახთან, 26 წლის ფეხმძიმე მეუღლე ლელა გაურგაშვილთან და სამ შვილთან ერთად, დაბომბვის დროს დაიღუპა.

ტოხოსაშვილი საქართველოდან 2015 წელს წავიდა და მალევე "ლატაკიის ჯამაათის" ლიდერად იქცა. თუმცა, 2016 წლიდან, "ისლამურ სახელმწიფოს" ტერორისტებს შეუერთდა.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ომალოში ქისტური ტრადიციისამებრ სამძიმრის მისაღებად ტოხოსაშვილებში ჭიშკარი გაიღო, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ, მშობლებმა, რომლებმაც შვილი, რძალი და შვილიშვილები გამოიგლოვეს, შეიტყვეს რომ ისინი ცოცხლები არიან.

ლევან ტოხოსაშვილი იგივე "ალ ბარა პანკისი" შვილებთან ერთად სირიაში

ფოტო: ამერიკის ხმა

სირია-ერაყში მოკლული საქართველოს მოქალაქეები (2012-2017)

  • 23 წლის რუსტამ გელაევი (აგვისტო 2012);
  • 26 წლის ჰამზათ აჭიშვილი (ივლისი 2013);
  • 36 წლის აბდულ-მალიქ მუთოშვილი (ივლისი 2013);
  • 24 წლის ხალიდ აჭიშვილი (ოქტომბერი 2013);
  • 36 წლის რუსლან მაჩალიკაშვილი (თებერვალი 2014);
  • 18 წლის ბესო კუშტანაშვილი (სექტემბერი 2014);
  • 22 წლის გურამ გუმაშვილი (ოქტომბერი 2014);
  • 21 წლის ჯაბრაილ ცათიაშვილი (დეკემბერი 2014);
  • 18 წლის ისრაფილ ცათიაშვილი (დეკემბერი 2014);
  • 30 წლის ლევან ნაკაიძე (დეკემბერი2014);
  • 24 წლის დავით სვიაკაური (თებერვალი 2015);
  • 33 წლის იბრაჰიმ ცათიაშვილი (მაისი 2015);
  • 23 წლის თურფალ ბორჩაშვილი (ივნისი 2015);
  • 28 წლის ბესლან მუხტაროვი (დეკემბერი 2015);
  • 22 წლის მუჰმად თურქოშვილი (იანვარი 2016);
  • 24 წლის რამზან ფარეულიძე (იანვარი 2016);
  • 22 წლის ხვიჩა გობაძე (იანვარი 2016);
  • 38 წლის ვახა ბუგიევი (აპრილი 2016);
  • 22 წლის ასლამბეგ ბორჩაშვილი (ივნისი 2016);
  • 39 წლის უმარ მარგოშვილი (ივნისი 2016);
  • 26 წლის ბექხან ტოხოსაშვილი (ივლისი 2016);
  • 34 წლის რუსლან ქავთაროვი (ივლისი 2016);
  • 30 წლის თარხან ბათირაშვილი (ივლისი 2016);
  • 21 წლის სულთან გუმაშვილი (აგვისტო 2016);
  • 24 წლის მუჰმად ხანგოშვილი (ნოემბერი 2016);
  • 20 წლის რამზან ბაღაკაშვილი (დეკემბერი 2016);
  • 25 წლის მუჰმად ბაღაკაშვილი (ივლისი 2017);
  • 20 წლის მუსლიმ კუშტანაშვილი (ოქტომბერი 2017).

მუსლიმ კუშტანაშვილის საქართველოში გადაღებული ერთ-ერთი ბოლო ფოტო

ფოტო: ამერიკის ხმა