თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან მუხტარლის, რომელიც ბაქოშია დაკავებული, ზარების განხორციელების საშუალება შეუზღუდეს. ამის შესახებ მუხტარლის ცოლმა ლეილა მუსტაფაევას On.ge-ს უთხრა.

მუსტაფაევას თქმით, აფგან მუხტარლის სამი ზარის უფლება ჰქონდა, თუმცა რამდნიმე დღეა, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, აზერბაიჯანელი სამართალდამცავები მხოლოდ ერთი ზარის უფლებას აძლევენ.

ლეილა მუსტაფაევა, ასევე, ამბობს, რომ შეზღუდვები დაუწესდა მუხტარლის ადვოკატსაც:

"აფგანის მოსანახულებლად მისული გაჩხრიკეს და შეამოწმეს ყველა დოკუმენტი, რაც თან ჰქონდა."

რაც შეეხება აფგან მუხტარლის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მუსტაფაევა ამბობს, რომ მისი ქმარი თავს ნორმალურად გრძნობს და მედიკამენტებსაც იღებს.

მეხუთე თვეა, თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი, აფგან მუხტარლი ბაქოს ციხეში იმყოფება და წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი. აზერბაიჯანის ხელისუფლება ჟურნალისტს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და კონტრაბანდას ედავება, თუმცა ჟურნალისტის პასპორტი და სხვა დოკუმენტები თბილისშია. თავად მუხტარლი კი ამბობს, რომ ის საქართველოს დედაქალაქიდან კრიმინალური პოლიციის ფორმიანმა პირებმა გაიტაცეს.

საქართველოში შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. აფგან მუხტარლის და ლეილა მუსტაფაევას საქმეს განიხილავს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლო საქმეს მინიჭებული აქვს პრიორიტეტი.