ხშირად გვესმის ხოლმე მშობლებისგან, ნაცნობებისგან, ბებიებისგან და, საერთოდ, ყველასგან, რომ დაბანილი თავით არ გავიდეთ გარეთ, თხლად არ ჩავიცვათ, ერთი ჟაკეტი მაინც მოვიცვათ, რომ არ შეგვცივდეს და არ გავცივდეთ.

მაგრამ, ნამდვილად ვცივდებით ცივ ამინდში? თუ ეს უბრალოდ მითია?

მაგრამ ეს ყველაფერი თუ მითია და საუკუნეების განმავლობაში ჩვენი დიდი... დიდი ბებიები ცდებოდნენ, რატომ ვცივდებით ზამთარში უფრო ხშირად, ვიდრე ზაფხულში? მეც უკვე გაციებული ვიკვლევ ამ თემას, ჯერ არ დამდგარა ზამთარი და.

მოდი, გამოვიკვლიოთ ერთად.

დამნაშავე

ინფექციური დაავადებების თვისებების მიხედვით, მიკრობები გხდიან ავად და არა თვითონ ცივი ამინდი. რომ გაცივდე, აუცილებელია, რომ რინოვირუსები მოხვდნენ შენს ორგანიზმში. გრიპი რომ აიკიდო, საჭიროა, გრიპის ვირუსი შეგეყაროს.

რინოვირუსების პიკი გაზაფხულსა და შემოდგომაზეა, ხოლო გრიპის ვირუსები - ზამთარში.

მართალია, რომ პირდაპირი კავშირი არაა შეციებასა და ავად გახდომას შორის, მაგრამ ცივმა ჰაერმა შესაძლოა ხელი შეუწყოს იმ მდგომარეობის განვითარებას, რაც შემდგომ ავად გხდის.

ცენტრალური გათბობა

ცივი ჰაერის გამო, უფრო ხშირად გვიწევს დახურულ სივრცეებში ყოფნა, სადაც უფრო თბილა. ცენტრალური გათბობით გამთბარი ჰაერი გაციებისა და გრიპის ვირუსებს საშუალებას აძლევს, ადვილად მოხვდნენ შენი ცხვირის მშრალ ადგილებში.

თუმცა, ამ თეორიის მართებულობაზე აზრები იყოფა.

ოთახის ტენიანობა და ვენტილაცია

თვითონ მშრალი ჰაერის გამო არ ხდები ავად. თუმცა, მან შესაძლოა დაცემინებიდან წამოსულ აეროზოლების წვეთებს გადარჩენისა და გამრავლების საშუალება მისცეს.

ტიანძინის უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ის სტუდენტები უფრო ხშირად ცივდებოდნენ, რომელთა საცხოვრებლებში სუსტი ვენტილაცია იყო.

გარდა ამისა, ვირჯინიას ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ კარგი ვენტილაცია, ოთახის მაღალ რელატიურ ტენიანობასთან ერთად, გრიპის ვირუსის (Influenza A) დეაქტივაციას იწვევს.

გარეთ

მშრალი ჰაერი გარეთ, რომელიც აბსოლუტური ტენიანობით იზომება, შესაძლოა კავშირში იყოს გრიპის ვირუსის გავრცელებაში.

ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტების (NIH) თანახმად, ზამთრის მშრალი ჰაერი გრიპის ვირუსს ხელს უწყობს გადარჩენასა და გავრცელებაში.

NIH-ის კიდევ ერთი კვლევა ცხადყოფს, რომ გრიპის ვირუსის გარსი უფრო ამტანი ხდება ნულთან მიახლოებულ ტემპერატურებში, რის გამოც ისინი უფრო აქტიურები, მოქნილები და ადვილად გავრცელებადები ხდებიან ზამთარში.

უფრო მეტი მიზეზი, თუ რატომ ვსრუტუნებთ ცხვირში

დიდი ალბათობით, შენს ცხვირში არსებულ ლორწოსა და თმას დაავადების გადამტან აგენტებთან ბრძოლაში ცივ ამინდში გარეთ ყოფნა უშლის ხელს.

ამას გარდა, როდესაც დახურულ სივრცეში მოხვდები, სადაც ფანჯრები დახურულია და ადამიანები გაციებისგან და/ან გრიპისგან სრუტუნებენ, უფრო მეტია ალბათობა, რომ მიკრობები შენს ორგანიზმში მოხვდნენ.

შემოდგომის ხალხმრავლობა, როდესაც ხალხი კოლეჯში, სკოლაში, სამსახურში და ა.შ. ბრუნდება, ვირუსებისთვის იდეალური გარემოა. ისინი ერთი ორგანიზმიდან მეორეში იწყებენ ხტომიალს, მანამდეც კი, სანამ ზამთარი დადგება.

ჰიპოთერმიის საშიშროება

ჰიპოთერმია მაშინ ხდება, როდესაც შენი სხეული ძალიან ბევრ სითბოს კარგავს. ეს გადაუდებელი შემთხვევაა და მყისიერ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს.

მოლაშქრეების, უსახლკაროების, ჩვილებისა და მოხუცების ცივ ტემპერატურაში დიდხანს ყოფნა იწვევს კანკალს, ისინი იბნევიან და შესაძლოა გონებაც კი დაკარგონ.

თუ ცივ ამინდში ხარ და ჩამოთვლილთაგან რომელიმე მდგომარეობაში აღმოჩნდი, სასწრაფოდ გესაჭიროება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება:

  • წვიმაში ან ქარში დიდხანს ყოფნა;
  • სიცივეში ოფლიანი ყოფნა;
  • ცივ წყალში ჩავარდნა ან გადახტომა;
  • თუ შენი სხეული ძალიან ბევრ სითბოს კარგავს.

ამ შემთხვევებში აუცილებლად გათბით და მიიღეთ სამედიცინო დახმარება.

ცივი ამინდი და ასთმა

თუ სირბილი მოგწონთ, მაგრამ ასთმა ან ზედა სასუნთქი გზების გართულება გაქვთ, ცივი ამინდი პრობლემებს შეგიქმნით. გათბით თანდათან, სანამ გარეთ გახვალთ და პირზე აიკარით კაშნე ან რამე მსგავსი, რათა ფილტვებში თბილი ჰაერი ჩავიდეს.

აგრეთვე, კარგად დაგეგმეთ თქვენი მარშრუტი: მოერიდეთ ასთმის შეტევის გამომწვევ მიზეზებს, როგორებიცაა ფოთლების დაწვა ან ბუხრის კვამლი.

მითის მნიშვნელობა

იმ ადამიანებს, ვისაც ნამდვილად სჯერა, რომ ცივი ამინდი იწვეს ინფექციურ დაავადებებს, შეიძლება საერთოდ არ ესმით, როგორ გავლენას ახდენენ მიკრობები სხეულზე.

ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ბავშვებს უფრო სჯერათ, რომ ცივი ამინდი ავად ხდის. ეს ნიშნავს, რომ ბავშვებმა არ იციან საუკეთესო გზები დაავადების თავიდან ასაცილებლად.