საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში, ომბუდსმენის მოთხოვნით, შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლების მხრიდან შესაძლო წამების 60 ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას რეალური შედეგი არ მოჰყოლია. მოქალაქეთა მიმართ სამართალდამცავთა არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის მიზნით, სახალხო დამცველმა საინფორმაციო კამპანია საზოგადოება წამების წინააღმდეგ დაიწყო.

დაუსჯელობა, წამებისაგან დაცვის სათანადო გარანტიების არარსებობა, სამართალდამცველთა დაბალი პროფესიონალიზმი, არასაკმარისი ანგარიშვალდებულება, ცუდი სამუშაო პირობები, დაწესებულებების ნაკლები გამჭვირვალობა - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელთა გაუმჯობესებაზეც, სახალხო დამცველის აზრით, სახელმწიფომ უნდა იმუშაოს.

ომბუდსმენის მონაცემებით, 2016 წელს 2015 წელთან შედარებით, დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებულ პირთა რაოდენობა შემცირებულია, თუმცა გაზრდილია დაზიანებებით შესახლებულ პირთა და პოლიციის მიმართ პრეტენზიის შემთხვევები.

ფოტო: სახალხო დამცელის ოფისი

სახალხო დამცველის ოფისის ცნობით, ომბუდსმენმა 2014-2016 წლებში სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე საქართველოს მთავარ პროკურატურას 53 წინადადებით მიმართა.

ფოტო: სახალხო დამცელის ოფისი

"ხშირია სამართალდამცავთა მხრიდან კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევის ფაქტები და, შესაბამისად მოქალაქეთა საჩივრები", - აცხადებს სახალხო დამცველი და აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან წინ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, "ჯერ კიდევ დიდი ძალისხმევაა საჭირო, რათა საქართველომ საბოლოოდ დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი ევროპული თანამეგობრობის ქვეყნებს შორის."

ომბუდსმენი ხაზს უსვამს მისივე რეკომენდაციას და აცხადებს, რომ 2014 წლიდან ითხოვს რეალურად დამოუკიდებელი სამსახურის შექმნას, რომელიც ქვეყნის სამართალდამცავი სისტემის თანამშრომელთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს.