ევროკომისიამ კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი უკანონოდ სცნო, წერს BBC. ამასთანავე, კომისიამ ესპანეთის მთავრობას მოუწოდა, რომ დამოუკიდებლობის მომხრეებთან დიალოგი გამართოს:

"ესპანეთის კონსტიტუციასთან შესაბამისად კატალონიის გუშინდელი რეფერენდუმი უკანონო იყო", - განაცხადა ბრიუსელში პრესკონფერენციაზე ევროკომისიის წარმომადგენელმა.

ევროკომისიის აზრით, კატალონიის დამოუკიდებლობა ესპანეთის შიდა საქმეა, რომელიც "ესპანეთის კონსტიტუციის შესაბამისად" უნდა გადაწყდეს. ამასთანავე, მათ შეახსენეს, რომ "ძალადობა ვერასდროს იქნება პოლიტიკის ხელსაწყო".

გუშინ კატალონიაში ესპანეთიდან გამოყოფის თაობაზე რეფერენდუმი ჩატარდა. კატალონიის პრეზიდენტმა კარლეს პუჩდემონიმ განაცხადა, რომ კატალონიამ მოიპოვა უფლება იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფო. ოფიციალური პირების თქმით, რეფერენდუმში მონაწილეთა 90-მა პროცენტმა კატალონიის დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა. ამასთანავე, რეფერენდუმში მოსახლეობის 42,3 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა.

ოფიციალური მადრიდი რეფერენდუმს არაკონსტიტუციურს უწოდებს და მის შედეგებს არ აღიარებს. პირველ ოქტომბერს, მთელი დღის განმავლობაში ესპანური პოლიცია ცდილობდა, რომ რეფერენდუმის ჩატარებისთვის ხელი შეეშალა, იყო დაპირისპირება მოსახლეობასა და ძალოვან სტრუქტურებს შორის.

პოლიციამ რამდენიმე საარჩევნო უბანი დახურა და მოსახლეობას ბიულეტენები ჩამოართვა.

კატალონიის ხელისუფლების თქმით, შეტაკებების დროს პოლიციამ რეზინის ტყვიები გამოიყენა, ასევე დაშავდა 800-ზე მეტი მოქალაქე. მადრიდი დაშავებულ მოქალაქეებზე ინფორმაციას არ ავრცელებს, თუმცა შსს-ს თქმით, 12 პოლიციელი დაშავდა, ხოლო სამი დემონსტრანტი დააკავეს.

კატალონია ესპანეთის ავტონომიური გაერთიანებაა, რომლის მოსახლეობა 7,5 მილიონია. მას აქვს საკუთარი ენა და დროშა. ესპანეთიდან გამოყოფის იდეა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საკმაოდ პოპულარული გახდა.

2014 წელს ესპანეთის ხელისუფლებამ კატალონიაში რეფერენდუმის ჩატარება დაბლოკა. ერთი წლის შემდეგ, კატალონიის ხელისუფლებაში დამოუკიდებლობის მომხრე პარტია მოვიდა. 2017 წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ პირველ ოქტომბერს კატალონიის ესპანეთიდან გამოყოფისა და მისი რესპუბლიკად ჩამოყალიბების რეფერენდუმი ჩატარდებოდა.