კატალონიის ხელისუფლება აცხადებს, რომ პოლიციასთან შეტაკებებისას 750-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ბარსელონაში დემონსტრანტების დასაშლელად კი პოლიციამ რეზინის ტყვიები გამოიყენა. ბარსელონა მერმა, ადა კოლაუმ მოითხოვა, რომ პოლიციამ მოქალაქეების წინააღმდეგ ძალის გამოყენება შეწყვიტოს.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით საღამოს რვა საათზე უნდა დახურულიყო, მაგრამ რეფერენდუმის ორგანიზატორების თქმით, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ხმის მიცემა მერეც იქნება შესაძლებელი.

ხმის მიცემის ოფიციალური დროის გასვლის შემდეგ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ განაცხადა, რომ არ აღიარებს რეფერენდუმს დ კატალონიის ხელისუფლებამ მოსახლეობა მოატყუა, რადგან რეფერენდუმში მონაწილეობა შესთავაზა.

ასეულობით დაშავებულზე მადრიდი ოფიციალურ განცხადებას ჯერ არ აკეთებს. ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 12 პოლიციელი დაშავდა.

პრემიერ-მინისტრის მოადგილის განცხადებით, პოლიცია "ადეკვატურად და პროფესიონალურად" მოქმედებდა.

კატალონიის რეფერენდუმი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ესპანეთის პოლიცია საარჩევნო უბნებში შევიდა, დაიკავა საარჩევნო ყუთები და ამომრჩეველს ბიულეტენები ჩამოართვა.

ჟირონას საარჩევნო უბანში, სადაც ხმა კატალონიის პრეზიდენტს კარლოს პუჩდემონის უნდა მიეცა, პოლიციამ ფანჯარა ჩატეხა და შენობაში შევიდა. პუჩდემონიმ ხმა სხვა საარჩევნო უბანზე მისცა.

დღეს კატალონიაში ესპანეთიდან გამოყოფის რეფერენდუმი ტარდება. კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე საარჩევნო უბნებთან მოქალაქეები რიგებს იკავებდნენ და კარვებს შლიდნენ.