დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას თქმით, შორენა თეთრუაშვილმა სასამართლოზე ინფორმაციების გარკვეულ ნაწილში სცადა სასამართლოს შეცდომაში შეყვანა.

ადვოკატის თქმით, მეუფე იაკობი დეკანოზზე ნამდვილად იყო განაწყენებული, რადგან მამალაძეს ქონებრივი საკითხებზე მონიტორინგი დაევალა, ამასთანავე ხელმოწერის უფლება პატრიარქის მიერ უფლებამინიჭებულ ადამიანსაც აქვს:

"რაც შეეხება მეორე საკითხს, რომელიც უშუალოდ პატრიარქს გადააბრალა ვალდებულება შორენა თეთრუაშვილმა, ამ ნაწილში მან ნამდვილად იცრუა, იმიტომ რომ კონკორდატში პირდაპირ წერია, რომ ხელის მოწერის უფლებამოსილება აქვს პატრიარქს, აქვს ქორეპისკოპოსს, მდივანს და ასევე პატრიარქის მიერ, უფლებამინიჭებულ ადამიანს."

გუშინ რუსთავი 2 -მა აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელზეც ტელეკომპანიის მტკიცებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორის მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის ჩვენებაა ასახული. ჩვენების მიხედვით, ილია მეორემ სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის 2002 წელს გაფორმებულ შეთანხმებას გვერდი აურა, როდესაც დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოს ქონების განმკარგველად დანიშნა:

"პატრიარქი კი არ შეცდა, პატრიარქმა ვერ გაითვალისწინა ის შედეგი, რა შედეგიც მოჰყვა ამას. კონსტიტუციური შეთანხმების მიხედვით, ეკლესიის წარმომადგენლობითი უფლება აქვს კათალიკოს პატრიარქს, ქორეპისკოპოსს და მდივანს. რაკი მამა გიორგი მამალაძე არ იყო მდივანი და ამ ფუნქციით აღიჭურვა, ამან სამართლებრივადაც შექმნა პრობლემა და ეს მდგომარეობა სხვა ეპისკოპოსებისთვის გახდა სალაპარაკო თემა. თუმცა უწმინდესს შეეძლო ეს უფლება-მოსილება დაეტოვებინა, მაგრამ კანონთან მიმართებაში ხდებოდა აცდენა."