კლუბ ბასიანთან, სადაც 18 ივნისს ქვიარ ფართი გაიმართა, გიორგი გაბედავა რამდენიმე მეგობართან ერთად იყო მისული და სიტუაციას შორიდან აკვირდებოდა. მან ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ არ აინტერესებს რა ხდება კლუბში, თუმცა, ის კლუბთან ღონისძიების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოჩნდა და ტერიტორიის დატოვება პოლიციის გამოჩენის შემდეგ მოუწია. მან ჟურნალისტებთან საუბრისას ჰომოფობიური მოტივით ახსნა ის მიზეზი, რის გამოც კლუბთან მივიდა:

"ე.წ დარქ რუმი ექნებათ, სადაც უცხო ადამიანები დაკავდებიან სექსით და ა.შ. ეს მე არ მაინტერესებს, რადგან ეს დახურულ შენობაში ხდება და გარეთ არ გამოდიან. ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ გარეთ არ გაგრძელდეს მსგავსი უმსგავსობა და გარყვნილი პროპაგანდა არ იყოს. შიგნით შესვლას არ ვაპირებთ, არავის დარბევას არ ვაპირებთ, ჩხუბს და გინებას არ ვაპირებთ. ვიქნებით გარეთ, დავაფიქსირებთ ვინ შედის, როგორ შედის, სხვას არაფერს.

შიგნით რაც უნდა ის უქნიათ, მე პრობლემა არა მაქვს. გარეთ ნუ გამოვლენ და იგივეს ნუ გაიმეორებენ. ელიტური ადამიანებიც შეიძლება მოვიდნენ აქ, არ ვიცი ახლა სახელები და გვარები, როგორ გითხრათ, ადამიანები, რომლებიც ტელევიზიით გვარიგებენ ჭკუას, გვიკითხავენ მორალს და ა.შ. მათ სახელ და გვარებს არ დავასახელებთ, რადგან შესაძლოა თავი შეიკავონ აქ მოსვლისგან და არ გავაღიზიანებთ ამ ადამიანებს".

HŌRŌOM - ეს არის პირველი მასშტაბური ქვიარ-ფართების სერია საქართველოში, რომელიც კლუბში BASSIANI იმართება. ღონისძიების ფარგლებში კლუბში რეგულარულად დაუკრავენ მსოფლიოში ცნობილი ქვიარ არტისტები. დასწრება მხოლოდ მოსაწვევებითაა შესაძლებელი, მოსაწვევის მიღება კი მხოლოდ სრულწლოვან ადამიანს შეუძლია.

18 ივნისის ღონისძიება, წინა ღონისძიების მსგავსად მასშტაბური გამოდგა და ის ინციდენტების გარეშე დასრულდა.