გუშინ, აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა (USDA) სოიოს ექსპორტის კვირის რეპორტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის გარეთ გაყიდული მარცვლეულის რაოდენობამ 2,99 მილიონი ტონა შეადგინა.

როგორც USDA-ს ანალიტიკოსი, ბილ ჯორჯი Agriculture-თან ინტერვიუში აცხადებს, გლობალურ ბაზარზე სოიოზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება და ეს ამ მარცვლეულზე დაფუძნებული პროდუქტებისა და მომხმარებლების კვების რაციონში შემავალმა ცვლილებებმა გამოიწვია.

მისი ვარაუდით, მომავალ წელს გლობალური მოთხოვნა 15 მილიონ ტონამდე გაიზრდება და ფასებიც უკეთესი იქნება.

მისივე ინფორმაციით, სოიოს ყველაზე დიდი მყიდველი ამჟამად ჩინეთია, მას მოსდევს ვიეტნამი, რომელშიც მოთხოვნა ასევე იზრდება და მსხვილი მყიდველების სიაში შედიან, ირანი, ბანგლადეში და პაკისტანი.

სანქციების მოხსნამდე ირანი სოიოს ნაწარმს ინდოეთიდან ყიდულობდა, ხოლო ახლა ისინი პირდაპირ ნედლეულს ყიდულობენ და პროდუქტებს თვითონ აწარმოებენ, რამაც, ცხადია, მოთხოვნა გაზარდა. ცხადია, ეს ბაზარი ქართველი აგრობიზნესისთვის ძალიან საინტერესო და ამავდროულად, ხელმისაწვდომია.