გორში რესპუბლიკურმა პარტიამ პროპორციული სიის პირველ ნომრად შშმ პირი ვიქტორ ქარქიშვილი დაასახელა. როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ On.ge-ს უთხრა, ვიქტორი პარტიის წევრი არაა:

"ის პარტიის მეგობარია. ჩვენ გამოვაცხადეთ თავისუფალი სივრცე, როდესაც ყველა ადამიანი მოვიწვიეთ, ვისი ხედვაც თანხვედრაშია ჩვენს ხედვასთან."

სამნიძის თქმით, ქარქიშვილი არის სამოქალაქო აქტივისტი და გორში შშმ პირების საკითხებზე აქტიურად მუშაობდა:

"ჩვენი პარტიის პრიორიტეტული ნაწილია, შშმ პირებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა და ადაპტირება. აზრების თანხვედრა მოხდა და ადგილობრივი ორგანიზაციამ, პარტიასთან შეთანხმებით, ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ასეთი ადამიანების უშუალო ჩართვით შესაძლებელია, რომ საკრებულოში მოხდეს ამ საკითხის პრიორიტეტად გატანა."

სამნიძის განმარტებით, ვიქტორ ქარქიშვილი მზად არის რესპუბლიკური პარტიის სახელით იყაროს კენჭი და საკრებულოში საკუთარი ინტერესები წარმოადგინოს.