საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კონსტიტუციასთან დაკავშირებით პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ცალკე შეხვედრას სთავაზობს. მისივე თქმით, დისკუსია კონსტიტუციის გარშემო დასრულებულია და ვეტოს საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის მზადყოფნას ელოდება.

მისი თქმით, კონსულტაციები უნდა შეეხოს იმ საკითხებს, რომლებიც პარლამენტის ხელმძღვანელობასა და ვენეციის კომისიას შორის მიღწეულ შეთანხმებაშია მოაზრებული:

"რაც შეეხება საერთო შეხვედრა, ეს შედეგის მომტანის არ იქნება. ჩვენ გვედავებოდნენ, რომ ნაჩქარევად მოვამზადეთ რაღაც დოკუმენტი ამ დროს, თვითონ პრეზიდენტმა და ე.წ. ოცმა პარტიამ სამ-ოთხ დღეში დაწერეს ახალი კონსტიტუცია. ეგრეთ წოდებულს ვამბობ იმიტომ, რომ, თქვენც იცით, საქართველოში ოცი პარტია სულ არ არსებობს."

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ On.ge-ს უთხრა, რომ პრეზიდენტისა და უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის კომუნიკაცია შედგა. კობახიძის განმარტებით, სურვილისა და ინტერესის შემთხვევაში ის მზადაა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს პირადად შეხვდეს:

"როცა საუბარია უმრავლესობა-პრეზიდენტის შეხვედრაზე, აქ, რა თქმა უნდა, უმრავლესობა უნდა იყო წარმოდგენილი. ჩვენ გვყავს ფორმალიზერბული პროცედურები, უმრავლესობას წარმოადგენს უმრავლესობის ლიდერი და სწორედ მან უნდა წარმართოს შეხვედრა."

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მმართველ პარტიასა და ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩართული იყო საკონსტიტუციო პროცესში, 28 სექტემბერს პრეზიდენტის სასახლეში კონსულტაციების გამართვა შესთავაზა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, კონსტიტუციის მიღების შემდეგ, პრეზიდენტს შესთავაზა, რომ ვეტოს უფლება მხოლოდ ბონუსის სისტემის გაუქმებისა და ბლოკების ერთჯერადად შენარჩუნების ნაწილში გამოიყენოს. მისივე თქმით, ამით, პრეზიდენტს შეუძლია, საკონსტიტუციო ცვლილებების ექვსთვიან პროცესში პირველად ითამაშოს "კონსტრუქციული" როლი.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ კობახიძის შეთავაზებას "არასერიოზული" და "წარმოუდგენელი" უწოდა.