პოლიციელების მხრიდან მოქალაქეზე შესაძლო წამების ფაქტზე შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა განცხადა, რომ ომბუდსმენს ინფორმაციის გადამოწმება უწყებაში შეეძლო და ამომწურავ ინფორმაციას მიიღებდა:

"უფრო მეტი დაკვირვება და უფრო მეტი სიფრთხილე გვჭირდება, როდესაც პოლიციელებთან მიმართებაში ვაკეთებთ რაიმე განცხადებებს. მე არ მინდა, რომ ისეთი ავტორიტეტული ინსტიტუტი, როგორიც ომბუდსმენის ინსტიტუტია, კრიმინალების გამპრავებელ კანტორად გადაიქცეს."

დღეს, 27 სექტემბერს, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეზე სავარაუდო წამების გამოძიებისთვის სახალხო დამცველმა პროკურატურას მიმართა. მოქალაქე ამბობს, რომ აღიარებითი ჩვენების მისაღებად პოლიციის თანამშრომელმა აწამა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, მოქალაქემ, რომელიც პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს, დაზიანებები დაკავების დროს წაქცევის შედეგად მიიღო. შსს-ს მტკიცებით, დაკავებულმა, ასევე, წერილობით დააფიქსირა, რომ პოლიციის მიმართ პრეტენზია არ ჰქონდა.

უწყების თქმით, მიმდინარე წლის 22 სექტემბერს სამი შეიარაღებული პირი ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. სამინისტროს ცნობით, დაკავებულებმა მათ მიერ მიმდინარე წლის 15 სექტემბერს თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, შპს კენტავრის დაყაჩაღების ფაქტიც აღიარეს.