შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, მოქალაქემ, რომელიც პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს, დაზიანებები დაკავების დროს წაქცევის შედეგად მიიღო. შსს-ს მტკიცებით, დაკავებულმა, ასევე, წერილობით დააფიქსირა, რომ პოლიციის მიმართ პრეტენზია არ ჰქონდა.

შსს-ს ცნობით, პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალადობის შესახებ, 26 სექტემბერს, შეტყობინება გენერალურ ინსპექციაში შევიდა, რის შემდეგაც გენერალური ინსპექციის თანამშრომლები ორი დღეა უშედეგოდ ცდილობენ შეტყობინების ინიციატორთან დაკავშირებას. უწყების ცნობით, 27 სექტემბერს გენერალურ ინსპექციას დაკავებულის ადვოკატმაც მიმართა:

"შსს-ს გენერალური ინსპექციის მიერ ორივე მათგანი, შემდგომი რეაგირების მიზნით, ქალაქ თბილისის პროკურატურაში გადაიგზავნა."

დღეს, 27 სექტემბერს, პროკურატურას სახალხო დამცველმაც მიმართა და დაკავებული პირის მიმართ პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტის გამოძიება სთხოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 22 სექტემბერს სამი შეიარაღებული პირი ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. სამინისტროს ცნობით, დაკავებულებმა მათ მიერ მიმდინარე წლის 15 სექტემბერს თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, შპს კენტავრის დაყაჩაღების ფაქტიც აღიარეს.