პენივაიზის ცეკვა საშინელებათა ფილმების მოყვარულებს შიშის ზარს კიდევ ერთხელ დასცემს. New Line Cinema და Warner Bros. სტივენ კინგის It-ის მეორე ნაწილის გადაღებაზე შეთანხმდნენ.

It-ის ახალი ეკრანიზაცია 2017 წლის 7 სექტემბერს გამოვიდა და ამ დროისთვის 478 მილიონი აშშ დოლარის მოგება მოიტანა. ფილმის მეორე ნაწილი კინოთეატრებში 2019 წლის 6 სექტემბერს გამოვა.

კინგის წიგნის მიხედვით, სკოლის მოსწავლეთა გუნდი ჯერ ბავშვობაში, შემდეგ კი დიდობაში ცდილობს პატარა ქალაქის დემონის, კლოუნის სახელად პენივაიზის, განადგურებას.

ფილმის პირველი ნაწილი სწორედ ბავშვებზეა ფოკუსირებული. მეორე ნაწილში კი, მათ დიდობაში ვიხილავთ. თუმცა, როგორც ცნობილია, It-ის ახალ ფილმში პერსონაჟები თავიანთ ბავშვობის სცენებს ხშირად გაიხსენებენ, ასე რომ პირველი ნაწილის მსახიობების ნახვის შანსი მაყურებელს 2019 წლის ფილმშიც ექნება.

It-ის სულ პირველი ეკრანიზაცია 1990 წლის 18 ნოემბერს გამოვიდა.