მაესტროს 25%-იანი წილის მფლობელი მაკა ასათიანი და მისი ქმარი, ბიზნესმენი კოტე გოგელია განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც წერია, რომ ინფორმაცია მათ მიერ მაესტროს წილის გაყიდვასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება:

"მკაფიოდ და გასაგებად გვსურს განვაცხადოთ, რომ სრულიად გამორიცხულია, განვიხილოთ და მივიღოთ რაიმე შემოთავაზება მაესტროს წილის გაყიდვის თობაზე".

მაკა ასათიანსა და კოტე გოგელიას მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება მაესტროს წინააღმდეგ იბრძვის და ამიტომ ისინი იძულებულები გახდნენ ამ ბრძოლაში ჩართულიყვნენ. განცხადებაში წერია, რომ გოგელია და ასათიანი ყველაფერს გააკეთებენ მაესტროსა და აღნიშნულ ბრძოლაში ჩართული ყველა ადამიანის კანონიერი ინტერესების დაცვისათვის.

"ვწუხვართ იმაზე, რომ ხელისუფლება, რომელიც მედიის ხელშეუხებლობისა და სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით მოვიდა, თვითონვე გადაიქცა ამ ფასეულობების მთავარ ხელმყოფად. მაესტრო დარჩება დამოუკიდებელი და არასდროს არც ერთი პოლიტიკური ან კერძო სუბიექტის ინტერესების გამტარებლად არ გადაიქცევა", - აღნიშნულია განცხადებაში.

7 მარტს საჯარო რეესტრმა სტუდია მაესტროს დირექტორად ლევან გაჩეჩილაძე დაარეგისტრირა. უწყებამ ეთერ(ბაია) გადაბაძეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა და ლევან გაჩეჩილაძის 2016 წლის 9 თებერვალს წარდგენილი მოთხოვნა, მისი დირექტორად რეგისტრაციის შესახებ, დააკმაყოფილა.

სტუდია მაესტროს ახალი დირექტორი თანამშრომლებთან შეხვედრას დღეს, 7 მარტს აპირებს. აღნიშნულის წინააღმდეგია მაკა ასათიანის მხარე, ხოლო ტელეკომპანიის უკვე ყოფილი დირექტორი ბაია გადაბაძე ამბობს, რომ გაჩეჩილაძეს მაესტროს შენობაში არ შეუშვებს. ამის საფუძვლად კი იმას აცხადებს, რომ შენობა, სადაც ტელეკომპანია მაესტროა განთავსებული, მაკა ასათიანს ეკუთვნის და ტელეარხი მას იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე იყენებს.

საჯარო რეესტრის 2016 წლის 1 თებერვლის ამონაწერის მიხედვით, სტუდია მაესტროს საკონტროლო პაკეტის 55%-ის მფლობელი გიორგი გაჩეჩილაძე გახდა. 4 თებერვალს, კომპანიის პარტნიორთა კრებაზე ბაია გაბადაძე დირექტორის თანამდებობიდან გადააყენეს. გიორგი გაჩეჩილაძემ ახალ დირექტორად თავისი ძმა, ლევან გაჩეჩილაძე წარადგინა.