თბილისის მერია 2017-2018 წლის საახალწლო გაფორმებისთვის სამი მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. მერია, ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით აპირებს შეისყიდოს საახალწლო ილუმინაციები და აქსესუარები და ამაზე თანხმობას შესყიდვების სააგენტოსგან ითხოვს.

თბილისის მერიის კუთვნილი კომპანია თბილსერვის ჯგუფი, შეზღუდული ვადების მიზეზით, სამი მილიონის მომსახურების გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს. საახალწლო განათებები ქალაქის მასშტაბით 10-დან 15 დეკემბრამდე უნდა ჩაირთოს.

"საახალწლო ილუმინაციებისა და აქსესუარების დიდი მოცულობიდან გამომდინარე, მათი სამონტაჟო სამუშაოები მოითხოვს არანაკლებ ექვსი კვირას," - აღნიშნულია 16 ივნისს შექმნილი ქალაქგაფორმების სპეციალური კომისიის 19 სექტემბრის დასკვნაში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, სულხან სალაძის თქმით, შესყიდვების სააგენტოს მიერ თანხმობის გაცემა იქნება ცუდი პრეცედენტი, რადგან მიაჩნია, რომ ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება შესყიდვების კანონს:

"თუ კი შემსყიდველი კონკურენტულ შესყიდვას გამოიყენებს, ის დიდი ალბათობითაც თანხებს დაზოგავს, ახლა კი ეს შანსი მცირეა. შესყიდვების კანონის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი სახელმწიფო თანხების რაციონალური ხარჯვაა."

სალაძის თქმით, რადგან ახალი წელი მოძრავი დღესასწაული არაა, თვითმმართველობას შეეძლო თადარიგი თავიდანვე დაეჭირა და კონკურენტული სახელმწიფო შესყიდვა გამოეცხადებინა:

"თბილსერვის ჯგუფი თუ წლების განმავლობაში უზრუნველყოფს ქალაქის მორთვასა და განათებას, ეს არ არის ის შემთხვევა, როდესაც მას ნულიდან უწევს დაწყება. მას აქვს გარკვეული ტექნიკა, ინვენტარი, ნათურები, რომლებსაც ყოველ წელს ინახავს და იყენებს. საფრთხე არ არსებობს, ტენდერის ჩავარდნის შემთხვევაში, ქალაქი განათების გარეშე დარჩეს."

On.ge ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისის მერიას დაუკავშირდა და უწყების კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.