ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების, ირმა ნადირაშვილისა და ოთარ კახიძის განცხადებით, კალა კაპიტალმა კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირებს ფული გადაურიცხა:.

"რუსული სააქციო საზოგადოება ,,ალფა ბანკის” მხრიდან 31 მაისს გაცემული ოფიციალური წერილების N0978-NRB/017 და N0979-NRB/017 - თანახმად, რომელსაც ხელს აწერს ბანკის მთავარი ფინანსური ოფიცერი, მარია შევჩენკო, ირკვევა, რომ კრიმინალურმა ავტორიტეტმა დავით ქარსელაძემ, იგივე "კალატოზამ", ალფა ბანკში გახსნა ორი ანგარიში კორცხელში "გამოჩენილი" ორი მოძალადის, ვლადიმერ გეგეშიძისა და გიორგი გიგაურის სახელზე.

ერთი დოკუმენტის მიხედვით, თავდასხმამდე 4 დღით ადრე, 2016 წლის 17 მაისს, 16 საათსა და 08 წუთზე, კალა კაპიტალ ლიმიტედისგან ვლადიმერ გეგეშიძის ანგარიშზე გადაირიცხა 15 000 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარი, ხოლო დავით ქარსელაძის, იგივე კალატოზასგან, 17 საათსა და 54 წუთზე გადაირიცხა 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარი. მეორე დოკუმენტის თანახმად, იმავე დღეს, 16 საათსა და 37 წუთზე, კალა კაპიტალ ლიმიტედისგან გიორგი გიგაურის ანგარიშზე გადაირიცხა 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარი".

ირმა ნადირაშვილის განცხადებით, დავით ქარსელაძე ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტია. მისივე განცხადებით, იგი რუსეთის მოქალაქეა, მისი ძმა კი ასევე ყოფილი მოჭიდავე, ვასილ ქარსელაძე, კახი კალაძის უშუალო ლობირებით სულ ცოტა ხნის წინ არჩეულ იქნა თბილისის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად:

"წარმოდგენილი დოკუმენტები მიუთითებენ ვიცე-პრემიერ კალაძის უშუალო კავშირზე კრიმინალურ სამყაროსთან და აგრეთვე, მის სავარაუდო მონაწილეობაზე კორცხელში ორგანიზებული ძალადობის დაკვეთასთან, ანგარებითი მოტივით".

22 მაისს, ზუგდიდში, კორცხელის საარჩევნო უბანზე, სადაც შუალედური ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობდა, ნაციონალური მოძრაობის წევრებს, მათ შორის გიგა ბოკერიასა და ნიკა მელიას, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.