24 სექტემბერს გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. გერმანიის მოქალაქეები აირჩევენ ქვეყნის წარმომადგენლობით ორგანოს და ასევე, ცნობილი გახდება მომავალი კანცლერის ვინაობა. ამ არჩევნების შედეგებს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება როგორც ევროპის მომავალზე, ისე საქართველოს ინტეგრაციაზე ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში.

როგორ მუშაობს საარჩევნო სისტემა?

გერმანია, სადაც 83 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, წარმომადგენლობითი დემოკრატიის ქვეყანაა. ასეთი სისტემის პირობებში ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ცენტრალურ როლს სწორედ წარმომადგენლობითი ორგანო, ანუ პარლამენტი თამაშობს, ხოლო არჩეულ დეპუტატებს სახალხო ნდობის მანდატი გააჩნიათ.

2002 წლიდან, გერმანიის პარლამენტში, იგივე ბუნდესტაგში, მინიმუმ 598 დეპუტატს ირჩევენ. დეპუტატების რიცხვი წინასწარ განსაზღვრული არ არის და ის საარჩევნო პროცესის შედეგებზეა დამოკიდებული. გარკვეულ შემთხვევებში. დეპუტატების ჯამური რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს. ბუნდესტაგის ფორმირება შერეული სისტემით, მაჟორიტარული და პროპორციული წესით, ხდება. საწყისი 598 სადეპუტატო მანდატის ნახევარი, ანუ 299, განკუთვნილია ამავე რაოდენობის ერთმანდატიან ოლქებში ხმების მარტივი უმრავლესობით გამარჯვებული კანდიდატებისთვის. რაც შეეხება მეორე ნახევარს, იგი ნაწილდება პროპორციული პარტიული სიებიდან გამარჯვებულ კანდიდატებზე. გერმანიაში 16 ფედერალური მიწაა, შესაბამისად, ყველა პარტია ამ თითოეული მიწისთვის ადგენს საკუთარ საარჩევნო სიას. ამგვარად, გამოდის, რომ თითოეულ ამომრჩეველს აქვს ორი ხმა – ერთი ხმით იგი ირჩევს ოლქის მაჟორიტარს, ხოლო, მეორე ხმით პარტიულ სიას აძლევს ხმას. ამასთანავე, ამომრჩეველს შეუძლია, ხმა სხვა პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატს მისცეს. ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ ფიგურას, კანცლერს, სწორედ ამგვარად დაკომპლექტებული ბუნდესტაგის დეპუტატები ირჩევენ.

გერმანიის ბუნდესტაგში მოსახვედრი საარჩევნო ბარიერი 5 პროცენტია.

მთავარი პარტიები და ძალთა ბალანსი

გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი

ანგელა მერკელი

ფოტო: AP Photo/ Michael Probst

გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი ქვეყნის ყველაზე დიდი და ძლიერი პოლიტიკური პარტიაა. ქრისტიან-დემოკრატები 1949 წლიდან ერთ საარჩევნო ბლოკში იმყოფებიან ქრისტიანულ-სოციალურ კავშირთან. ეს ორი პოლიტიკური ძალა, გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან, არჩევნებში ერთ ბლოკად მონაწილეობენ და შესაბამისად, კანცლერობის ერთიანი კანდიდატი ჰყავთ. ბლოკის პარტიული აქტივი, ჯამურად, ნახევარ მილიონს აღემატება.

2017 წლის არჩევნებზე კანცლერობის კანდიდატი ამჟამინდელი კანცლერი ანგელა მერკელია. წინა არჩევნებზე ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა ხმების 41,5 პროცენტი მიიღო. წლევანდელი არჩევნების მთავარი ფავორიტი, გამოკითხვის შედეგების მიხედვით, სწორედ ანგელა მერკელის პარტიაა. ვარაუდობენ, რომ ქრისტიან-დემოკრატები არჩევნებზე ხმების 39 პროცენტს მიიღებენ. ქრისტიან-დემოკრატების საარჩევნო პროგრამა პარტიის ტრადიციული ღირებულებების მიმართ ერთგულია. შენარჩუნებულია გადასახადებისა და ეკონომიკის თავისუფლების ნაკლებად რეგულირების პრინციპი. პროგრამა არ ითვალისწინებს გადასახადების გაზრდას და ემხრობა თავდაცვის ბიუჯეტის მშპ-ს 2 პროცენტამდე ზრდას. ამგვარად, ის შესაბამისობაში მოდის ნატოს მოთხოვნებთან. ასევე შენარჩუნებულია პარტიის მიდგომები მიგრანტებთან დაკავშირებით და კვლავ ღია კარის პრინციპს ემხრობა.

სოციალ-დემოკრატიული პარტია

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

ფოტო: Reuters

სოციალ-დემოკრატიული პარტია ქვეყნის ყველაზე ძველი პოლიტიკური პარტია და ტრადიციულად, ქრისტიან-დემოკრატების მთავარი კონკურენტია. აღნიშნული ძალა, 1890 წლიდან, ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა. 2017 წლის არჩევნებზე ამ პარტიის კანცლერობის კანდიდატი ევროპარლამენტის ყოფილი თავჯდომარე მარტინ შულცია. წინა არჩევნებში პარტიამ ხმათა 25,7 პროცენტი მიიღო.

სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ არაერთხელ შეძლო საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება და შესაბამისად, კანცლერის არჩევა. ასევე, ხშირი იყო სამთავრობო კოალიციაში კონკურენტ ქრისტიან-დემოკრატებთან. 2013 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანას სწორედ ქრისტიან-დემოკრატებისა და სოციალ-დემოკრატების კოალიცია მართავს. სოციალ-დემოკრატების პარტიულ აქტივი, დაახლოებით, 400 ათასი ადამიანია.

წინასწარი გამოკითხვების შედეგებით, პარტია ხმების, დაახლოებით, 24 პროცენტს მიიღებს და მეორე ადგილზე გავა. დიდი ალბათობით, პარტია ვერ მიიღებს მმართველობით მანდატს და ვერ მოახერხებს კანცლერის კანდიდატურის დასახელებას. პარტიის საარჩევნო პროგრამა ითვალისწინებს გადასახადების ზრდას და აქცენტი გაკეთებულია ქვეყნის ყველაზე მდიდარი მოსახლეობისთვის საგადასახადო ტვირთის გაზრდაზე. ამჟამინდელი კანონმდებლობით, საშემოსავლო გადასახადის ზედა ზღვარი 42 პროცენტით განისაზღვრება. სოციალ-დემოკრატების პროგრამით გათვალისწინებულია ზედა ზღვრის გაზრდა 45 პროცენტამდე. გარდა ამისა, პროგრამა ითვალისწინებს დამატებით სამპროცენტიან გადასახადს იმ მოქალაქეებისთვის, ვისი შემოსავალიც წლიურად 250 ათას ევროს აღემატება.

სოციალ-დემოკრატების ინიციატივას წარმოადგენს გერმანიაში მინიმალური ხელფასის დაწესება, რომელიც ამჟამად საათში 8,8 ევროა. პარტია ემხრობა მიგრანტების მიღებას და მთავარი კონკურენტის მსგავსად, მიესალმება ღია კარის პოლიტიკას. სოციალ-დემოკრატიული პარტია არ ემხრობა თავდაცვის ბიუჯეტის ზრდას.

ლინკე

კატია კიპინგი

ფოტო: cicero.de

მემარცხენე პარტია, იგივე ლინკე, პოლიტიკური ძალად ამ ფორმით 2007 წელს ჩამოყალიბდა თუმცა, პარტიას და ზოგადად, მემარცხენე მოძრაობას, გერმანიაში დიდი ტრადიცია და ისტორია გააჩნია. პოლიტიკურ პარტიას არასდროს ჰყოლია უმრავლესობა პარლამენტში, მისი პარტიული აქტივი 60 ათასამდე ადამიანს შეადგენს, კანცლერობის კანდიდატი კატია კიპინგია. 2013 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიამ ხმათა 8 პროცენტი მიიღო. ლინკეს ელექტორატს ტრადიციული მემარცხენე ელექტორატი შეადგენს. პარტია საგრძნობლად პოპულარულია აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქებში.

პარტიას ბუნდესტაგში არასდროს ჰყოლია უმრავლესობა და არც მმართველ კოალიციაში მიუღიათ მონაწილეობა. "ლინკე" წინააღმდეგია ნებისმიერი სამხედრო ბლოკის, პარტია მოითხოვს ნატოს დაშლას და ამ შეთანხმებიდან გერმანიის გამოსვლას. პარტიის ეკონიმიკური პოლიტიკით განსაზღვრულია გადასახადების ზრდა. ასევე, მინიმალური ხელფასის 8 ევროდან 12 ევრომდე გაზრდა.

კავშირი 90/მწვანეები

საარჩევნო ბლოკი კავშირი 90/ მწვანეები, ამ ფორმით, 1993 წელს, დასავლეთ გერმანიის მწვანეთა პარტიისა და აღმოსავლეთ გერმანიიდან მათი თანამოაზრეების შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა. კანცლერობის კანდიდატად, ამ შემთხვევაში, ორი კანდიდატი - ჩემ ოზდემირი და სიმონა პეტერი - გვევლინება. წინა საპარლამენტო არჩევნებზე პარტიამ ხმათა 8,4 პროცენტი მიიღო. პარტიას წარმატებული ისტორია აქვს. მწვანეთა მოძრაობა გერმანიაში განსაკუთრებით პოპულარული იყო 1980 იან წლებში. იმ დროისთვის მოძრაობა მრავალ საზოგადოებრივ და არასამთავრობო ჯგუფს აერთიანებდა.

მწვანეთა გაერთიანება გერჰარდ შროდერის მმართველ კოალიციაში მონაწილეობდა, პარტიამ საკუთარი კანდიდატი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზეც კი დანიშნა. დროთა განმავლობაში პარტიამ პოპულარობა დაკარგა და ამჟამად მათ წინაშე საარჩევნო ბარიერის გადალახვის საკითხი დგას, რასაც, დიდი ალბათობით, მოახერხებენ.

პოლიტოლოგები პარტიას ორ, ფუნდამენტალისტებისა და რეალისტებს, ფრთად ყოფენ. 2013 წლის არჩევნებზე საგრძნობმა წარუმატებლობამ და ასევე, წლევანდელ არჩევნებზე ქრისტიან-დემოკრატებთან კოალიციის ჩამოყალიბების შანსმა, პარტიაში რეალისტების პოზიციები გააძლიერა. პარტიის საარჩევნო პროგრამაში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ეკოლოგიურ პოლიტიკაა და სუფთა ენერგიის მნიშვნელობაზე, ეკონიმიკურ ასპექტში ჭარბობს მემარცხენე მიდგომა და ითვალისწინებს გადასახადების ზრდას. ჯერ-ჯერობით უცნობია დაუჭერს თუ არა პარტია მხარს თავდაცვის ბიუჯეტის ზრდას თუმცა საერთო მოცემულობაში პარტია პრო ევროპულ ძალად ითვლება.

ლიბერალები

კრისტიან ლინდნერი

ფოტო: Getty

თავისუფალი დემოკრატიული პარტია, იგივე "ლიბერალები", 1949 წელს დასავლეთ გერმანიაში დაარსდა. 1949 წლიდან 2013 წლამდე, პარტიამ უკლებლივ ყველა საპარლამენტო არჩევნებში მოახერხა საარჩევნო ბარიერის დაძლევა და არაერთხელ იყო მმართველ კოალიციაში. 2017 წელს მათი კანცლერობის კანდიდატი კრისტიან ლინდნერია, პარტიული აქტივის რაოდენობა 50 ათასს აღწევს.

აღნიშნული ძალა ყოველთვის მნიშვნელოვან და გავლენიან მოთამაშეს წარმოადგენდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში თუმცა, 2013 წლის საპარლამენტო არჩევნებში მან კატასტროფული მარცხი განიცადა და პირველად ისტორიაში, ვერ შეძლო ბარიერის დაძლევა. ლიბერალებმა ხმების 4,8 პროცენტი მიიღეს. პარტიის საარჩევნო პროგრამა ეფუძნება პიროვნულ და ინდივიდუალურ თავისუფლებას. მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება ადამიანის უფლებებზე. პარტიის ეკონომიკური პოლიტიკა ითვალისწინებს გადასახადებისა და სახელმწიფოს როლის შესუსტებას ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში. პარტია ემხრობა თავდაცვის ბიუჯეტის ზრდას და პროგრესულ, პრო-ევროპულ ძალად მოიაზრება. პარტიას ამ არჩევნებზე ბარიერის გადალახვის საკმაოდ მაღალი შანსები აქვს. ლიბერალები ქრისტიან-დემოკრატებისთვის ყველაზე სასურველი მოკავშირეები არიან.

ალტერნატივა გერმანიისთვის

კრისტიან ლინდნერი

ფოტო: Euronews

ალტერნატივა გერმანიისთვის ახალგაზრდა პოლიტიკური ძალაა, ის 2013 წელს დაარსდა თუმცა, იმავე წელს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე საკმაოდ კარგი რეზულტატი აჩვენა. მართალია, პარტიამ ვერ შეძლო საარჩევნო ბარიერის დაძლევა თუმცა, ხმების 4,8 პროცენტი მიიღო.

ალტერნატივა გერმანიისთვის მკვეთრად მემარჯვენე პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდა. ის ბოლო წლებში პოპულარული ევროსკეპტიკური ტალღის და საარჩევნო პროგრამაში ევროკავშირის საზღვრების დახურვაც კი უწერია. რასაკვირველია, პარტია ეწინააღმდეგება ღია კარის პოლიტიკას და მიგრანტების მიღებას. ალტერნატივა გერმანიისთვის გამოირჩევა ანტიისლამური რიტორიკით და მიგრანტების დეპორტაციას მოითხოვს. პოლიტიკურ ძალა შეუთავსებლად მიიჩნევს ისლამურ კულტურას და გერმანული ტრადიციული კულტურის გაძლიერების მომხრეა. ეკონომიკურ ასპექტში პარტიის საარჩევნო პოლიტიკა ფინანსური ბაზრების რეგულაციასა და გადასახადების კლებას ითვალისწინებს. პარტია არ ემხრობა გლობალურ დათბობას და თვლის, რომ პროცესი არ არის განპირობებული ადამიანური ფაქტორით. ის ეწინააღმდეგება ნატოში მეტ ინტეგრაციას და თავდაცვის ბიუჯეტის ზრდას.

წინასწარი გამოკითხვები და შესაძლო კოალიციები

ქრისტიან-დემოკრატები - 39 პროცენტი. შესაძლო პარტნიორები - ლიბერალები და სოციალ-დემოკრატიული პარტია ასევე, შესაძლებელია თუმცა, ნაკლებად სავარაუდო კოალიცია მწვანეებთან.

სოციალ-დემოკრატები - 24 პროცენტი. შესაძლო პარტნიორები - მწვანეები, ქრისტიან-დემოკრატები, ნაკლებად სავარაუდოა მემარცხენე ლინკე.

ლინკე - 10 პროცენტი. შესაძლო პარტნიორები - სოციალ-დემოკრატები, მწვანეები.

კავშირი 90/ მწვანეები - 8 პროცენტი. შესაძლო პარტნიორები - სოციალ-დემოკრატები ასევე, დიდი ალბათობით, ქრისტიან-დემოკრატები.

თავისუფალი დემოკრატიული პარტია ლიბერალები 9 პროცენტი. შესაძლო პარტნიორები - ქრისტიან-დემოკრატები.

ალტერნატივა გერმანიისთვის - 10 პროცენტი. შესაძლო პარტნიორები არ არსებობს. მემარჯვენე პოპულისტურ პარტიასთან კოალიციას ყველა სხვა პოლიტიკურ ძალა გამორიცხავს.

რაც შეეხება კანცლერობის კანდიდატებს, აქ ანგელა მერკელის კანდიდატურა, პრაქტიკულად, უალტერნატივოა. წინასწარ გამოკითხვების შედეგად, იგი მის მთავარ კონკურენტს, შულცს, დიდი სხვაობით ამარცხებს. ამასთანავე, წინასაარჩევნო დებატებში შულცის პირწმინდად დამარცხებამ მერკელთან, სოციალ-დემოკრატი შულცის რეიტინგი საგრძნობლად დაწია.

რუსეთის ფაქტორი

რუსეთის ფაქტორს წინასაარჩევნო პროცესში მნიშვნელოვანი როლი არ შეუსრულებია. აქცენტი, ძირითადად, ქვეყნის საშინაო პრობლემებზე კეთდებოდა. რუსეთის მიმართ პარტიების პოზიციები ასეთია:

ქრისტიან-დემოკრატები მზად არიან სანქციების შესანარჩუნებლად. პარტია გმობს ყირიმის ანექსიას და რუსეთისგან მინსკის ხელშეკრულების სრულად შესრულებას მოითხოვს. აქვე აღსანიშნავია ქრისტიან-დემოკრატიულ ბლოკში შემავალი ქრისტიანულ-სოციალური კავშირის პოზიცია რუსეთის მიმართ. ქრისტიანულ-სოციალური კავშირის რიგებში წარმოიშვა ე.წ. ბავარიული გეგმა რომელიც რუსეთთან ურთიერთობების სტაბილიზაციას, სანქციების ეტაპობრივად მოხსნასა და მოლაპარაკებებს გულისხმობს თუმცა, ეს გეგმა ნაკლებად პოპულარული მთლიანად პოლიტიკური კავშირის რიგებში.

სოციალ-დემოკრატების პარტია თავის წინასაარჩევნო პროგრამაში შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ქმედებებით აღმოსავლეთ უკრაინაში, პროგრამა ასევე ითვალისწინებს ერთიანი ევროპული არმიის შექმნას ნატოს პარალელურად და ევროკავშირის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას. მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტებისა, სოციალ-დემოკრატების აზრით, მათ უნდა იმუშაონ რუსეთთან და აწარმოონ მოლაპარაკებები ვინაიდან, რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფა რუსეთის გარეშე შეუძლებლად მიაჩნიათ. მინსკის ხელშეკრულების პუნქტების შესრულებისთანავე პარტია მზადაა რუსეთისთვის დაკისრებული სანქციების მოსახსნელად.

ლინკე ეწინააღმდეგება რუსეთისთვის დაკისრებულ სანქციებს და მათ დაუყოვნებლივ მოხსნას მოითხოვს. პარტია ასევე წინააღმდეგია რუსეთთან დაპირისპირების და მასთან ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავების მომხრეა. მემარცხენეები ეწინააღმდეგებიან ნატოს გაფართოებას, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებას.

თავისუფალი დემოკრატიული პარტია ლიბერალები გმობს რუსეთის ქმედებებს აღმოსავლეთ უკრაინაში და ემხრობა სანქციების შენარჩუნებას, სანამ რუსეთი არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს. ყირიმის დეოკუპაციამდე პარტია ეწინააღმდეგება რუსეთის დაბრუნებას G8-ის ფორმატში. ლიბერალები რუსეთთან უკომპრომისო პოლიტიკური და ეკონომიკურ ბრძოლის რეჟიმს ემხრობიან.

კავშირი 90/ მწვანეები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნების მომხრეა. მწვანეები გმობენ ყირიმის ოკუპაციას. ისინი კერძო პირებისა და კომპანიებისთვის დაკისრებულ სანქციებს რუსეთის აგრესიულ ქმედებებთან ბრძოლის ქმედით ინსტრუმენტად მიიჩნევენ.

ალტერნატივა გერმანიისთვის რუსეთთან დაძაბულობის მოხსნისა და თანამშრომლობის მომხრეა. პარტია ეწინააღმდეგება რუსეთისთვის დაკისრებულ სანქციებს, მათი საარჩევნო პროგრამა ყოველგვარი წინაპირობების გარეშე ითვალისწინებს ამ სანქციების მოხსნას. ალტერნატივა გერმანიისთვის ემხრობა რუსეთთან დიალოგს. მათი პოზიციით, ნატოს გაფართოება და რუსეთის საზღვრებთან მიახლოება საშიშროებას უქმნის რუსეთის უსაფრთხოებას და რეგიონულ ინტერესებს. ულტრა-მემარჯვეენეები რუსეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მომხრეები არიან.

რას უნდა ელოდოს საქართველო?

საქართველოსთვის გერმანიის ფედერალური არჩევნების შედეგები მნიშვნელოვანია. სამომავლო პერსპექტივაში, ნატოსთან თანამშრომლობის კუთხით, მნიშვნელოვანი იქნება, თუ როგორი მმართველი კოალიცია ჩამოყალიბდება. მოცემული ვითარებიდან გამომდინარე, ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას მმართველი კოალიციის ჩამოყალიბების ყველაზე დიდი შანსი აქვს. ამ კუთხით, საქართველოსთვის ყველაზე მომგებიანი იქნება ქრისტიან-დემოკრატებისა და ლიბერალების მმართველი კოალიცია. ორივე პოლიტიკური ძალა ემხრობა რუსეთის დაკისრებულ სანქციებსა და განიხილავს ნატოს გაფართოების შესაძლებლობას.

ასევე, საქართველოსთვის ხელსაყრელი იქნება ქრისტიან-დემოკრატებისა და მწვანეთა კოალიცია. რუსეთის მიმართ ნაკლებად რბილი სოციალ-დემოკრატებისა და ქრისტიან-დემოკრატების კოალცია საქართველოსთვის საგრძნობლად არაფერს შეცვლის და ამ კუთხით, იმავე პოლიტიკის გაგრძელება იქნება მოსალოდნელი, რასაც წლების განმავლობაში ვადევნებთ თვალს.

საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური პერსპექტივისთვის ძალზედ საზიანო იქნება მემარცხენეების ან ულტრა-მემარჯვენეების მმართველ კოალიციაში შესვლა. მემარცხენე ლინკე პრორუსული რიტორიკის გამტარებელ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს და ნატოს გაფართოებას ეწინააღმდეგება. თუმცა, ამ კუთხით, ჯერჯერობით შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ, რადგან მემარცხენეებს ლიდერ ქრისტიან-დემოკრატებთან კოალიციაში შესვლის ძალიან დაბალი შანსები აქვთ.

რაც შეეხება მემარჯვენეებსა და მათ შესაძლო მონაწილეობას მმართველ კოალიციაში, ამას საქართველოსთვის, შესაძლოა, კატასტროფული შედეგები ჰქონდეს თუმცა, პარტია მარგინალიზებულ, რადიკალურ ძალას წარმოადგენს და შანსებიც ნაკლები აქვს. პოლიტიკური მიმომხილველებისა და ექსპერტების შეფასებით, პოპულისტ მემარჯვენეებთან თანამშრომლობას უკლებლივ ყველა პარტია გამორიცხავს.