თბილისის მერიის თქმით, ზაჰესის ხიდის ნაწილის ჩანგრევა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მილის გასკდომამ გამოიწვია. როგორც On.ge-ს მერიის კეთილმოწყობის სამსახურის პრესსამსახურმა უთხრა, პასუხისმგებლობა კომპანიას ეკისრება.

მერიამ მოგვიანებით განაცხადა, რომ დაზიანებულია არა ხიდი, არამედ ხიდამდე მისასვლელი გზა, რომელსაც ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აღადგენს. მათივე თქმით, აღდგენითი სამუშაოები დღესვე დაიწყება.

კითხვაზე მილის გასკდომამ ხომ არ დააზიანა ხიდის ნაწილი ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა On.ge-ს უთხრა, რომ ამ ეტაპზე სადიაგნოსტიკო სამუშაოები მიმდინარეობს.

დღეს გახსნიდან ხუთი თვის შემდეგ ზაჰესის ხიდი ჩაინგრა. ამის შესახებ სტუდია მონიტორმა გაავრცელა ინფორმაცია. მანამდე, ივნისში, ზაჰესის ხიდის გახსნიდან ორ თვეში, ხიდამდე მისასვლელი გზა ჩაინგრა. მაშინ თბილისის მერიამ განმარტა, რომ უხვი ნალექის გამო, ღვარცოფმა გაარღვია ჯებირი და ჩამოშალა მიწა. სტუდია მონიტორის საგამოძიებო მასალის მიხედვით, მერიამ ზაჰესის ხიდი ტექნიკური შემოწმების გარეშე გახსნა.

თბილისის მერიამ ზაჰესის ხიდის აღდგენისთვის 4 მილიონი ლარი გამოყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

განახლება: ახალი ამბის გავრცელების შემდეგ, თბილისის მერიამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ჩანგრეულია არა ხიდის ნაწილი, არამედ ხიდამდე მისასვლელი გზა.