დღეს, 17 ივნისს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სისხლის სამართლის კოდექსში შესატან იმ ცვლილებას განიხილავს, რომლითაც საარჩევნო უბნებზე მომხდარ ძალადობაზე პასუხისმგებლობა გამკაცრდება.

იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტის მიხედვით, კოდექსს უნდა დაემატოს მუხლი 1621, რომლის მიხედვით, საარჩევნო უბანზე, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას, ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარა დაისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

იგივე ქმედება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გამოიწვევს, დაისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

ამავე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, რომელიც ჯგუფურად იქნება ჩადენილი დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

კანონპროეტში აღნიშნულია, რომ 125-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც გულისხმობს ცემას, ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, დაისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით, ვადით ერთ წლამდე. ამჟამინდელი კანონმდებლობით, სანქციად გათვალისწინებულია საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 120–დან 180 საათამდე, ანდა გამასწორებელი სამუშა ვადა 15 თვემდე.

ასევე, კანონპროეტით გამკაცრდება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობა და ძველი კანონმდებლობით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე, გაორმაგდება.

როგორც ინიციატორები განმარტავენ, კანონპროექტის მიღების მიზეზია არჩევნებში მონაწილეობისა და ნების თავისუფალი გამოვლინების უფლების დასაცავად საჭირო საკანონმდებლო მექანიზმების არარსებობა. მისი მიზანია წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების მიმდინარეობისას ძალადობის პრევენცია.

ამას გარდა, შესაძლოა ცვლილება შევიდეს საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსში, რომლის მიხედვით, კომისიის თავმჯდომარეს შეეძლება პოლიციის გამოძახება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვისას.

ასევე, 59-ე მუხლს დაემატება ახალი ნორმა, რომლის თანახმად, კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ არა კენჭისყრის შენობაში, პოლიციის თანამშრომლები შეიძლება პატრულირებდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნისა და თანხმობის გარეშეც, თუ ეს სრულიად აუცილებელია საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთის ან დაცვის მიზნით.