დმანისის შემდეგ, შენების მოძრაობის სახელით, გორის მერად მოქმედი გამგებელი, დავით ონიაშვილი იყრის კენჭს. ის მოძრაობის ლიდერებმა დავით უსუფაშვილმა და კახა შარტავამ წარადგინეს.

"ჩვენი მოძრაობის მერობის კანდიდატი იქნება დავით ონიაშვილი, კაცი, რომელმაც უამრავი რამ გააკეთა გორის რაიონში ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ადამიანი, რომელიც პირველი დღიდან იყო პრინციპული, ხალხის მიერ არჩეული გამგებელი. სწორედ ამ პრინციპულობას ვერ პატიობდნენ ამ ხნის მანძილზე მას", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

დავით ონიაშვილმა გორის მოსახლეობას აქტივობისკენ მოუწოდა, რათა მუნიციპალიტეტის წინსვლასა და განვითარებას შეუწყონ ხელი.

"ჩემი გამგებლობის პერიოდში დავიწყეთ უამრავი ისეთი პროექტი, რომელიც ეხება ჩვენს მომავალ თაობას. თუ მათ ღირსეული განათლება არ მივეცით, მომავალი იქნება ბუნდოვანი", - აღნიშნა მერობის კანდიდატმა.