თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა ამომრჩეველს საკუთარი ეკოლოგიის სტრატეგია გააცნო. პროგრამის პრეზენტაცია 21 სექტემბერს გაიმართა.

ელისაშვილის პროგრამის მიხედვით, მისი არჩევის შემთხვევაში დედაქალაქში ჯანსაღი ხეების მოჭრა აიკრძალება და მკაცრად გაკონტროლდება. მოხდება პარკებისა და სკვერების ინვენტარიზაცია და დადგინდება წითელი ხაზები.

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, არსებული სარეკრეაციო სივრცეების რაოდენობა გაოთხმაგდება, რაც მისივე განმარტებით დღეს არსებული 3 მ2 მწვანე საფარი ერთ სულ მოსახლეზე შეიცვლება და იქნება 12 მ2 ანუ, არსებული 300 ჰექტარი გამწვანება გაიზრდება საერთო ჯამში 1 200 ჰექტრამდე.

ის ამომრჩეველს ჰპირდება, რომ ძველი ნაგებობების, ქარხნებისა და ნანგრევების ტერიტორიის ნახევარი კერძოდ 900 ჰექტარი კეთილმოეწყობა, როგორც სარეკრეაციო ზონა, მდინარე მტკვარი კი სრულყოფილად გაიწმინდება.

ალეკო ელისაშვილი ასევე ამბობს რომ შეადგენს დენდროლოგიურ გეგმას და უახლესი 20 წლის განმავლობაში ურბანული ხეების სახეობებს განსაზღვრავს.