Google-ის მფლობელი კომპანია Alphabet ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განიხილავდა ექსპერიმენტული, მაღალტექნოლოგიური, იონვაციების ქალაქის აშენების იდეას. პროექტის შესახებ, კომპანია Sidewalks Labs-ის გენერალურმა დირექტორმა დენიელ დოქტოროფმა ისაუბრა. Sidewalks Labs-ი Alphabet-ის შვილობილი კომპანიაა. ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.

"ჩვენ გვინდა ავაშენოთ ახალი ქალაქი, ეს შეიძლება იყოს რომელიმე ქალაქის ერთი რაიონი, მაგრამ ის უნდა იყოს შესაბამისი ზომის, რათა შევძლოთ რაიონის გარდაქმნა ინოვაციების ლაბორატორიად", - განმარტა დოქტოროფმა.

კომპანიის ამბიციური გეგმების მიუხედევად, დოქტროფის საუბრისგან შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საწყის ეტაპზე საუბარი იქნება დიდი ქალაქური დასახლების მშენებლობაზე. ამ დასახლების ტერიტორიაზე დაინერგება, ტესტირებას გაივლის და განხორციელდება ტექნოლოგიური გიგანტის უახლესი მიღწევები.

ამ პროექტით Google შეეცდება დაამტკიცოს ინოვაციური ქალაქური სივრცის უპირატესობები, შეამციროს ეკოლოგიური ზიანი და მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს მოქალაქეების ცხოვრების დონე.

დოქტოროფის განცხადებით, კომპანია შეიმუშავებს ახალ მიდგომებს არა მხოლოდ ქალაქური ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის საკითხში, კომპანია ასევე იმუშავებს კიბერ უსაფრთხოების და პირადი ციფრული ინფორმაციის დაცულობის საკითხზეც.

ჯერჯერობით უცნობია, თუ სად იგეგმება მომავლის ქალაქის მშენებლობა. არსებული ინფორმაციით, კომპანია შესაბამისი ტერიტორიის ძიებაშია, ასეთად შეიძლება იქცეს თუნდაც, უკვე არსებული ქალაქის აუთვისებელი, დაუსახლებელი ტერიტორია, ასევე განიხილება მიწის შეძენის საკითხიც.

მაღალტექნოლოგიური ქალაქის მშენებლობის იდეა თავდაპირველად, 2013 წელს Google-ის ერთ-ერთმა დამაარსებელმა და ამჟამად Alphabet-ის გენერალურმა დირექტორმა სერგეი ბრინმა გააჟღერა.