განახლებული პეკინის გამზირი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს, 21 სექტემბერს, გახსნა. ნარმანიამ შესრულებული სამუშაოების შეჯამებისას პეკინის გამზირის განახლების პროექტს წლის ყველაზე მასშტაბური და ამბიციური პროექტი უწოდა.

დავით ნარმანიამ, სამუშაოების ეფექტიანად და დროულად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა კომპანიებს, GWP-სა და Black Sea Group-ს, ასევე, მერიის სამსახურებს.

თბილისის მერის თქმით, ქუჩაზე სრულად გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, გზის საფარის რეაბილიტაციის პარალელურად, განახლდა ამორტიზებული სანიაღვრე ქსელი, შეიცვალა წყალმიმღები ჭები, ცენტრალურ კოლექტორთან შემაერთებელი მილები და ჭის თავსახურები, განახლდა ორი მაგისტრალური მილსადენი და ცენტრალური კანალიზაციის კოლექტორი.

გარდა ამისა, დავით ნარმანიას განცხადებით, პეკინიდან ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირის კვეთებში მოეწყო უსაფრთხოების კუნძულები, ხოლო კალანდაძისა და პეკინის ქუჩების კუთხეში გაფართოვდა გზა და დაემატა ერთი საავტომობილო ზოლი. გარდა ამისა, მოეწყო ერთი კილომეტრი სიგრძის ველობილიკი, სპეციალური ზოლი ავტობუსებისთვის, განახლდა გაჩერებები.

როგორც მერმა თქვა, პეკინის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად გაგრძელდება, თუმცა ეს არ ეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს.

თუ როგორ გამოიყურება ველობილიკი პეკინის გამზირზე, შეგიძლიათ ნახოთ აქ.