დღეს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, პატრიოტთა ალიანსის მოშიმშილეების პარალელურად, ჭამა-სმის პერფორმანსი გაიმართება. პერფორმანსი ფეისბუკის გვერდმა დრო მიდის, კადრები კი რჩებამ დააანონსა.

ერთ-ერთი ორგანიზატორის, ლუკა გვაზავას თქმით, პერფომანსის გამართვის მიზეზი პატრიოტთა ალიანსის მოშიმშილეების მოთხოვნებია: დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები მოსკოვთან, ცხინვალთან და სოხუმთან და შეიქმნას NATO-რუსეთი-საქართველოს ტრიადა. მისივე თქმით, რუსეთის ოკუპაციისა და ანექსიის წინააღმდეგ მსგავსი აქცია ლიტვაში ჩატარდა:

"გვინდა ვანახოთ, რომ აქაც ისე ვაზროვნებთ, როგორც ევროპაში."

როგორც გვაზავა ამბობს, ისინი ღონისძიებაზე ყველას საკუთრი, ქართული ტრადიციული საჭმლით იწვევენ:

"იქიდან გამომდინარე, რომ აქცია მალე დაიგეგმა, ორგანიზებას ვერ ვასწრებთ. არ იქნება მაგიდები და იქვე ვიდგებით ან დავსხდებით და შევჭამთ. მე, მაგალითად, ერთი ხაჭაპური და კოკა-კოლა მიმაქვს."

17 სექტემბერს პატრიოტთა ალიანსმა ქართული ოცნების წინააღმდეგ პარლამენტის შენობასთან აქცია გამართა. მათი განცხადებით, 17 ადამიანმა შიმშილობა დაიწყო. როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის წევრი ადა მარშანია ამბობს, მისი პარტიის წევრები ოქტომბრის პირველ რიცხვებში მოსკოვში მოლაპარაკებებისთვის კვლავ გაემგზავრებიან.