ჩრდილოეთ კორეა, ირანი, ვენესუელა, რადიკალური ისლამური ტერორიზმი - ეს ის მნიშვნელოვანი საკითხებია, რომელზეც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალური ასამბლეის სადებიუტო გამოსვლაში ისაუბრა.

"საჭიროების შემთხვევაში, ამერიკა საკუთარი თავისა და მოკავშირეების დასაცავად ჩრდილოეთ კორეას გაანადგურებს", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ტრამპმა კიდევ ერთხელ მწვავედ გააკრიტიკა ჩრდილოეთ კორეის ახალგაზრდა ლიდერი, კიმ ჩენ ინი. აშშ-ის პრეზიდენტმა ოტო ვარმბაიერიც ახსენა, ამერიკელი სტუდენტი, რომელიც სასტუმროში კიმ ჩენ ინის მამისა და ბაბუის პორტრეტების ჩამოხსნის გამო დააპატიმრეს, საბოლოოდ კი გარდაიცვალა.

მწვავე განცხადება გააკეთა ტრამპმა ირანის მიმართაც, რომელიც ტერორიზმის დაფინანსებასა და რეგიონის დესტაბილიზაციაში დაადანაშაულა. ტრამპის თქმით, ობამას ადმინისტრაციის მიერ ირანთან დადებული შეთანხმება ბირთვული პროგრამის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ცალმხრივი და სამარცხვინოა:

"ირანს მართავს კორუმპირებული დიქტატურა, რომელიც ყალბი დემოკრატიითაა შენიღბული. ხელისუფლებამ შეძლებული სახელმწიფო, მდიდარი ისტორიითა და კულტურით, ეკონომიკურად დაასუსტა და ექსპორტზე მხოლოდ ძალადობა, მკვლელობა და ქაოსი გააქვს."

დონალდ ტრამპი ისაუბრა ვენესუელაზე და მის ლიდერ ნიკოლა მადუროზეც და თქვა, რომ ერთ დროს ძალიან წარმატებული სახელმწიფო მადუროს რეჟიმმა აბსოლუტური კოლაფსის პირამდე მიიყვანა.

აშშ-ის პრეზიდენტი თავის სიტყვაში შეეხო ტერორიზმს და მსოფლიოს მისი განადგურებისთვის გაერთიანებისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, ამერიკის თავდაცვის ბიუჯეტი 700 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა და ახლა აშშ ისეთი ძლიერია როგორც არასდროს.