მსოფლიო გამოცდილებამ საქართველოსთვის (WEG) კვლევის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისთვის ბუნებრივი აირით მომარაგება (E) ყველაზე მაღალი საფრთხის შემცველია. მათივე თქმით, საჭიროა როგორც გარე რისკების შემცირება-მოწოდების დივერსიფიკაციით, ასევე გაზსაცავების მოწყობითა და მოხმარების ინტენსივობის შემცირებით მედეგობის გაზრდა:

"საქართველოში ეროვნული პროდუქტის ერთეულზე გაზის მოხმარება 5-7-ჯერ აღემატება განვითარებული დასავლური ქვეყნების მოხმარებას. ამის მიზეზია მოსახლეობის მიერ მოხმარების მაღალი წილი და ეკონომიკის დაბალი ენერგოეფექტურობა."

WEG-მა, ილიას უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების მდგომარეობა MOSES მეთოდოლოგიით საქართველოში პირველად შეაფასა. რეიტინგის შედგენისას გათვალისწინებულია ორი კრიტერიუმი: რამდენად მაღალია სხვადასხვა ენერგიის წყაროს გარე მოწოდებასთან დაკავშირებული რისკი და რამდენად მედეგია ქვეყანა ამ რისკის მიმართ.

სხვადასხვა ენერგიის წყაროები უსაფრთხოების რეიტინგში ლაგდება A-დან (დაბალი რისკი, მაღალი მედეგობა) E-მდე (მაღალი რისკი დაბალი მედეგობა)

ფოტო: მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის

კვლევის თანახმად, მიუხედავად ნედლი ნავთობის უდიდესი სატრანზიტო ნაკადებისა (მსოფლიო ნავთობის მიწოდების 1 პროცენტი) საქართველო არ იყენებს ნავთობს ენერგოუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რითაც, ასევე, კარგავს შესაძლო ეკონომიკურ სარგებელს.

მათივე თქმით საჭიროა ნავთობპროდუქტების რეზერვების გაზრდა, რადგან ქვეყანაში არსებული რეზერვები და მოწოდების შეწყვეტისადმი მედეგობა დაბალია (D) როგორც OECD ქვეყნების, ასევე ევროკავშირის სტანდარტებით:

"რეზერვების გაზრდას, ასევე, მოითხოვს ენერგეტიკული გაერთიანების ფარგლებში საქართველოს მიერ განსახორციელებელი დირექტივები".

მათივე თქმით, არამდგრადი გამოყენების გამო, შეშა ენერგომომარაგების სტაბილური წყარო არ არის, რაც ტყის უკანონო ჭრების დარეგულირებითა და ალტერნატიული საწვავით უწრუნველყოფით უნდა დარეგგულირდეს.

WEG-ის კვლევის მიხედვით, ქვეყანაში ბიოსაწვავის წარმოება არ მიმდინარეობს. შედარებით საიმედო ენერგიის წყაროდ ასახელებინ ჰიდროენერგიას.

შეფასებისთვის გამოყენებული იქნა საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) მოკლევადიანი ენერგეტიკული უსაფრთხოების MOSES (Model of Short Term Energy Security) გაანგარიშების მეთოდოლოგია. განვითარებული (OECD) ქვეყნებისთვის გამოყენებული ამ მეთოდიკით.