რესპუბლიკური პარტია აცხადებს, რომ იმ პირობებში, როდესაც საქართველოში გეი წყვილებს შორის ქორწინება კონსტიტუციურად იკრძალება, ლგბტ ადამიანების თანაცხოვრება სახელმწიფომ კანონმდებლობაში სამოქალაქო პარტნიორობის განსაზღვრით უნდა დაარეგულიროს. შესაბამისი პოლიტიკის დოკუმენტი რესპუბლიკელებმა არასამთავრობო ორგანიზაცია ლიბერალურ ხაზთან ერთად შეიმუშავეს. როგორც პარტიაში ამბობენ, პოლიტიკის დოკუმენტის კანონპროექტად გარდაქმნა მიმდინარეობს და მისი პრეზენტაცია მალე მოხდება.

დოკუმენტის თანახმად, როდესაც ქალი და კაცი ქმნიან ოჯახს და ამას იურიდიულად აფორმებენ, ისინი საოჯახო სამართლით დაცული სუბიექტები ხდებიან, რაც ერთნაირსქესიანი წყვილების შემთხვევაში არ ხდება. ანუ, გეი წყვილისთვის, რომელიც დიდი ხანია ერთად ცხოვრობს და საერთო მეურნეობა აქვს, ქონებრივი უფლებები საქართველოს სახელმწიფოს სამართლებრივ სივრცეში არ არსებობს.

რესპუბლიკური პარტიაში მიაჩნიათ, რომ უნდა განისაზღვროს ქორწინებისა თუ პარტნიორობის ხელშეკრულების ადგილი და მიღებულ უნდა იქნეს ცალკე კანონი:

  • კანონში უნდა განიმარტოს რა ქონებრივი ურთიერთობები წარმოეშობათ პირებს რეგისტრირებული პარტნიორობის ხელშეკრულების დადების შემდეგ;
  • როგორც მეუღლეებს, ასევე პარტნიორებს უნდა მიეცეთ უფლება საქორწინო ხელშეკრულების დადების შესაძლებლობა;
  • საქართველოს კანონში რეგისტრირებული პარტნიორების შესახებ უნდა გაკეთდეს ჩანაწერი პარტნიორთა ურთიერთრჩენის ვალდებულების შესახებ;
  • არ უნდა იქნეს გათვალისწინებული მშობლის საალიმენტო ვალდებულებები, რადგან რეგისტრირებული პარტნიორობის ხელშეკრულების თანახმად პარტნიორებს არ ენიჭებათ ერთმანეთის შვილების შვილად აყვანის უფლება;
  • პარტნიორს უნდა მიეცეს გარდაცვლილი პარტნიორის შვილზე მეურვეობის, მზრუნველობისა და მხარდამჭერად ყოფნის უფლება;
  • პარტნიორს უფლება აქვს, უარი თქვას გარდაცვლილი პარტნიორის შვილის მეურვეობასა და მზრუნველობაზე, რა შემთხვევაშიც ობლად დარჩენილ არასრულწლოვანზე გავრცელდება არსებული სახელმწიფო ზრუნვის ვალდებულება;
  • პარტნიორებს უნდა შეეძლოთ ერთმანეთის გვარის მიღება, როგორც ეს მეუღლეების შემთხვევაში ხდება;
  • პარტნიორებს შორის ძალადობა უნდა დაკვალიფიცირდეს, როგორც ოჯახური ძალადობა;
  • რეგისტრირებული პარტნიორობის ხელშეკრულების რეგისტრაცია უნდა მოხდეს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში.

რესპუბლიკელების აზრით, ასეთი რეგულირება შესაძლებელს გახდის ლგბტ წყვილების ურთიერთობების სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევას და პარტნიორებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებებისა და სარგებლის მიღებას:

"ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყნისთვის დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზაზე. ევროპული ღირებულებებისკენ სწრაფვა არ უნდა იყოს მხოლოდ აკვიატებული და გაუაზრებელი იდეა. ევროპული სივრცე გულისხმობს ინდივიდის და არა ინდივიდთა ჯგუფის დაცულობას, ადამიანის და არა დომინანტი ჯგუფის უპირატესობას. ქართულმა სახელმწიფომ უნდა გაიაზროს ადამიანის უფლებების საერთაშორისოდ აღიარებული თანამედროვე სტანდარტები, ქვეყნის კანონმდებლობა არ უნდა უგულებელყოფდეს ლგბტ ადამიანებს."

განსხვავება ქორწინებასა და პარტნიორობას შორის

რესპუბლიკური პარტიის მიერ შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტის თანახმად, ლეგალურად, სამოქალაქო კავშირი არ არის ქორწინების თანასწორი მიუხედავად იმისა, რომ ის აღიარებს ერთნაირსქესიანთა ურთიერთობას.

ქორწინება არის სამართლებრივი სტატუსი, რომელსაც სახელმწიფო ანიჭებს წყვილებს, ხოლო როდესაც ადამიანები ქორწინდებიან, ის აღიარებულია მსოფლიოს ყველა სახელმწიფოსა და ქვეყანაში. დოკუმენტის მიხედვით, აშშ-ში ქორწინება მეუღლეებს კონკრეტულ უფლებებსა და მოვალეობებს აკისრებს, ასევე, უზრუნველყოფს მათ სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული დაცვის მექანიზმებით, როგორიცაა: სოციალური უზრუნველყოფა, ვეტერანთა დაცვა, ჯანმრთელობის დაზღვევა, სამედიცინო დახმარების ფედერალური სისტემა, საავადმყოფოში ვიზიტი, უძრავ ქონებაზე საგადასახადო შეღავათები, საპენსიო დანაზოგები, პენსიები, საიმიგრაციო კანონები და ა.შ.

სამოქალაქო კავშირი ასევე არის ლეგალური სტატუსი, რომელიც წყვილებს სახელმწიფოს მიერ თითქმის ისეთივე დაცვის მექანიზმებით უზრუნველყოფს, როგორითაც ქორწინებისას.

სამოქალაქო კავშირი სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული უფლებებით აღჭურავს პირებს, თუმცა ევროკავშირის უმეტეს ქვეყენაში იგი ქორწინების ტოლფასია. ქვეყნები, სადაც აღიარებულია სამოქალაქო კავშირი, როგორც ქორწინების ეკვივალენტი, ანიჭებენ პირებს მსგავს საიმიგრაციო უფლებებს: რეგისტრირებულ პარტნიორს შეუძლია წაჰყვეს საკუთარ პარტნიორს იმ ქვეყანაში, რომელშიც ცხოვრობს ერთ-ერთი მათგანი.

ევროპაში ქორწინებასა და სამოქალაქო კავშირს შორის განსხვავება მდგომარეობს შემდეგში: სამოქალაქო კავშირის შემთხვევაში სახელმწიფო არ ცნობს შვილად აყვანის უფლებას ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის.