წელს, Emmy 2017-ის დაჯილდოებაზე, ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი ქალი მინისერიალში ან სატელევიზიო ფილმში ნიკოლ კიდმანმა გაიმარჯვა. ეს ნიკოლის კარიერის მანძილზე პირველი ემია, რომელიც მას Big Little Lies-მა მოუტანა.

სერიალში დიდი პატარა ტყუილები ნიკოლის პერსონაჟი სელესტი ბედნიერი და წარმატებული ქალი ჩანს, ერთი შეხედვით სრულყოფილი ცხოვრებით, მაგრამ ის ოჯახში ძალადობის მსხვერპლია.

ნიკოლმა ჯილდო თავის ქმარს, მომღერალს, კით ურბანს და შვილებს მიუძღვნა და ოჯახში ძალადობის თემაზე ისაუბრა:

"მეც [როგორც სელესტი] ვარ დედა და ცოლი. მყავს ორი პატარა გოგო, სანი და ფეიზი. და ჩემი ძვირფასი ქმარი - კითი. მე სწორედ მათ ვთხოვ დახმარებას ამ გზაზე. მათი მხარდაჭერა და ის მსხვერპლი, რისი გაღებაც უწევთ, ძალიან ბევრს ნიშნავს. ამ ჯილდოს თქვენ გიძღვნით! მინდა რომ ეს ჩემი პატარა გოგოების თაროზე იდოს და როდესაც მას შეხედავენ, გაიფიქრონ, რომ ესაა მიზეზი, რატომ არ იყო ხოლმე დედა მათ გვერდით ძილის წინ.

მაგრამ მათ ასევე მინდა იცოდნენ, რომ ხანდახან როლები შანსს გაძლევენ უფრო დიდი სათქმელი გადასცე მსოფლიოს. ჩვენ მზის სინათლეზე გამოვიტანეთ ოჯახში ძალადობის თემა. ეს საშინელი, ფარული დაავადებაა და ჩვენს შორის იმაზე მეტად არსებობს, ვიდრე ამას ვაცნობიერებთ. ის სავსეა სირცხვილითა და საიდუმლოებებით და თქვენ, ვინც ამ ჯილდოთი მაღიარეთ, ეს თემა კიდევ უფრო წინ წამოსწიეთ. ასე რომ მადლობა, დიდი მადლობა, ქედს ვიხრი თქვენს წინაშე!".

Emmy 2017-ის გამარჯვებულების სია სრულად.