თბილისის მერიის ინფორმაციით, პეკინის ქუჩაზე კილომეტრიანი ველობილიკი იგება, რომლის სიგანეც 2,8 მეტრი იქნება. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ველობილიკი ორმხრივი მოძრაობისთვის იქნება განკუთვნილი.

როგორც პრესსამსახური იუწყება, დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას შეფასებით, თბილისში მსგავსი თანამედროვე და მოწესრიგებული ფორმით ველობილიკი პირველად კეთდება.

„დღეს იგება ველობილიკი და ამით პრაქტიკულად სრულდება პეკინის გამზირზე მიმდინარე სამუშაოები... ტროტუარი გაფართოვდა და მაქსიმალური კომფორტი იქნება იმისათვის, რომ როგორც ველოსიპედით მოსიარულეებმა, ასევე ფეხით მოსიარულეებმა თავი იგრძნონ თავისუფლად, თან ეს ყველაფერი კეთდება ისე, რომ უკვე აღდგენილია და თავისუფალია სამანქანო მოძრაობა", - აღნიშნა მერმა.

მანვე 15 სექტემბერს განაცხადა, რომ განახლებული პეკინის ქუჩის გახსნა ხვალ, 18 სექტემბერს იგეგმება. ქუჩის რეაბილიტაცია სამი თვის წინ, 16 ივნისს დაიწყო.