საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი ანდრიაძე უარყოფს, რომ ტერორიზმის, ადამიანების გატაცებისა და მკვლელობისთვის ძებნილები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორის სახლში იმალებოდნენ. საპატრიარქოს დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს, რომელიც რუსთავი 2-მა გაავრცელა, მან ინტერპრესნიუსის საშუალებით უპასუხა.

ანდრიაძემ გავრცელებული მასალა ე.წ. ციანიდის საქმის გაგრძელებად შეაფასა და აღნიშნა, რომ მიზანი ეკლესიის დისკრედიტაციაა.

"ინტერნეტშიც დევს მათი განცხადებები, მათი საზეიმო შეხვედრები, სადაც ისინი ყვირიან - გაუმარჯოს ერთიან, დამოუკიდებელ საქართველოს. ესენი არ არიან ისლამისტები. მათ საქართველოს საზღვარი გადმოკვეთეს ოფიციალურად, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ თურქეთის სახელმწიფომაც გამოუშვა და საქართველომაც მიიღო ისინი. ამ პიროვნებების ტერორისტებად გამოცხადება არის სრული აბსურდი", - განუცხადა ანდრიაძემ ინტერპრესნიუსს.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ვაკეში, მცხეთის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციაში, რომელიც ილია მეორეს ეკუთვნის, 2016 წლის აპრილში, ტერორიზმში, ადამიანების გატაცებასა და მკვლელობაში ბრალდებულ ძებნილებს მალავდნენ. ამის მტკიცებულებად ტელეკომპნია ილია მეორის დაცვის ყოფილ უფროსის, სოსო ოხანაშვილის ჩვენების აუდიოჩანაწერს ავრცელებს.

როგორც რუსთავი 2 ოხანაშვილზე დაყრდნობით ამტკიცებს, აღნიშნულ რეზიდენციაში თურქეთის მოქალაქეები პატრიარქის მდივან-რეფერენტმა შორენა თეთრუაშვილმა და საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი ანდრიაძემ დააბინავეს.

On.ge-ს სურდა საპატრიარქოს საპატრიარქოს პრესმდივნისგან, მამა მიქაელ ბოტკოველისგან მოესმინა გავრცელებულ ინფორმაციაზე პასუხები, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.